ლევან დავითაშვილი აშშ-ის კორნელის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ნიუ იორკის შტატის კორნელის უნივერსიტეტის სამუელ კერტის ჯონსონის ბიზნესსკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდა.
მინისტრმა შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და აგრარული დარგის განვითარების მიმართულებებით სახელმწიფო პოლიტიკაზე, მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ აქტივობებზე ვრცლად ისაუბრა. ყურადღება მწვანე ეკონომიკის პრიორიტეტულობაზე გამახვილდა.
საუბარი შეეხო მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით სამინისტროს მიერ გარემოსდაცვითი კუთხით გახორციელებულ ღონისძიებებს; ასევე, გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებს, ვებპორტალს, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით ონლაინრეჟიმში შეუძლიათ ინფორმაციის მიღება.
ლევან დავითაშვილმა გარემოსდაცვითი სტანდარტების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოვების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ევროპულ ნორმებთან ჰარმონიზაციის პროცესი წარმატებით ხორციელდება.
მინისტრმა ქვეყანაში ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ეკოლოგიურად სუფთა ბიოპროდუქტების წარმოების საკითხებიც განიხილა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ნიადაგურ-კლიმატური პირობები მრავალი სხვადასხვა კულტურის მოყვანის შესაძლებლობას იძლევა.
შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო მეღვინეობის სფეროს განვითარების კუთხით გახორციელებულ და მიმდინარე პროექტებს, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის ცნობადობის ზრდის ტენდენციასა და დარგის პრიორიტეტულობის საკითხს.
მინისტრმა სტუმრებს ქართული ღვინის 8 000-წლიანი ისტორია გააცნო და ყურადღება ქართული ვაზის უნიკალურ იშვიათ ჯიშებზე გაამახვილა. საუბარი შეეხო ღვინის დაყენების უძველეს ტრადიციას, რომელსაც იუნესკო-მ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ლევან დავითაშვილმა სტუმრებს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ვენახების კადასტრის პროგრამის გახორციელების, დაცული ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეგულაციების რეფორმისა და დარგის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი და გახორციელებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრა ინტერაქტიული რეჟიმით წარიმართა. სტუდენტებმა მინისტრს საინტერესო შეხვედრისათვის მადლობა გადაუხადეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ხატია წილოსანი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები