მამუკა ბახტაძე: ჩვენი ბავშვები დაწყებით კლასში ძალიან დიდ ნიჭს ამჟღავნებენ, დამამთავრებელ კლასებში კი უმძიმესი შედეგები გვაქვს

„დაწყებით კლასებში ჩვენი ბავშვების შედეგები არის უნიკალური, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო. კლასების ზრდასთან ერთად და უკვე დამამთავრებელ კლასებში გვაქვს სერიოზული ვარდნა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. როგორც პრემიერმინისტრმა განმარტა, მან აღნიშნული განცხადება სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შეფასებისა და დეტალური შესწავლის შედეგად გააკეთა: „მე ძალიან დეტალურად შევისწავლე და ანალიზი გავაკეთე ყველა სტატისტიკური მონაცემისა, რაც გვაქვს. დაწყებით კლასებში ჩვენი ბავშვების შედეგები არის უნიკალური, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო. კლასების ზრდასთან ერთად და უკვე დამამთავრებელ კლასებში გვაქვს სერიოზული ვარდნა. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ბავშვები დაწყებით კლასში ძალიან დიდ ნიჭს ამჟღავნებენ და შემდეგ სისტემა არ გვაქვს, რომელიც ამ ნიჭს გამოამჟღავნებინებს და გვაქვს დამამთავრებელ კლასებში უმძიმესი შედეგები, ხშირ შემთხვევაში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. ამასთან, როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოს მისია, გარდა უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის სერვისების წვდომისა, არის ის, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას ყველა პირობა, რათა ადამიანებმა საკუთარი ნიჭის რეალიზება შეძლონ. „მე წარმოდგენაც არ მინდა, რამდენი ნიჭი გვაქვს დაკარგული – უზარმაზარი. ეკონომიკაში ეს არის ათობით მილიარდი. ადამიანებს აქვთ ნიჭი, მაგრამ არ არსებობდა ინფრასტრუქტურა და სისტემა, რომ მათ მოეხდინათ ამ ნიჭის რეალიზაცია. ამიტომ არის ეს ეროვნული იდეა. ეს არის ერთადერთი გზა, რომ საქართველო იყოს წარმატებული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ სტუდენტებთან შეხვედრაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები