„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“: ე.წ. ხელით გასახვევ თამბაქოზე ფასი უნდა გაიზარდოს

„თამბაქოს კონტროლის ალიანსში“ აცხადებენ, რომ ე.წ. ხელით გასახვევ თამბაქოზე ფასი უნდა გაიზარდოს. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ალიანსის თავმჯდომარემ, გიორგი ბახტურიძემ ისაუბრა.
„როცა ხელისუფლებამ დააპირა გადასახადის გათანაბრება ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე, მაშინ გავაკეთეთ განცხადება, რომ რჩებოდა ხელით გასახვევი თამბაქოს ნიშა და მასობრივად მოხდებოდა ხელით გასახვევ თამბაქოზე მწეველების გადასვლა. დღეს, თუთუნის რეალიზაცია უკანონოდ ხდება. რა სახის თუთუნიც შემოდის საქართველოში, ან იწარმოება, ყველა ნედლეულად გაფორმებული, ანუ საწარმოო მიზნებისთვისაა გამოყენებული და არ იბეგრება. შესაბამისად, გადასახადი არ იხდება. თუმცა, ეს ნედლეული გამოაქვთ საცალო ვაჭრობაში, ყველა ფეხის ნაბიჯზე გაიხსნა თუთუნის მაღაზიები, ბაზრობაზე ტომრებითაა გამოტანილი და გრამობით იყიდება. არ ხდება გადასახადის გადახდა, რაც კონკრეტული მეწარმეების ვალდებულებაა და, მეორე მხრივ, შეფუთვა-მარკირების წესები, რაც განკუთვნილია ხელით გასახვევ თამბაქოზე, ესეც დარღვეულია. აქციზს დაქვემდებარებული პროდუქტის რეალიზაცია ხდება აქციზის გარეშე.
მოვუწოდებთ შემოსავლების სამსახურს, აღკვეთოს უკანონო ვაჭრობა.
თამბაქოს პროდუქტზე ყველაზე დაბალი გადასახადი არის სწორედ ხელით გასახვევ თამბაქოზე. ერთი კილოგრამი იბეგრება 35 ლარით, რაც საკმაოდ დაბალი გადასახადია. შესაბამისად, ჩვენი წინადადება, მინიმუმ, სამჯერ მაინც  იყო გაზრდილი. ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობამ უარი თქვას ამ მომაკვდინებელ პროდუქტზე.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ერთი მხრივ, სასწრაფოდ მოახდინოს ადმინისტრირება და მეორე – აუცილებლად მოახდინოს მასზე გადასახადების გაზრდა, რომ არ მოხდეს ერთი სახის თამბაქოს ნაწარმიდან მეორეზე, ანუ ხელით გასახვევ თამბაქოზე გადასვლა“, – განაცხადა ბახტურიძემ.
ცნობისთვის, 2019 წლის პირველი იანვრიდან, უფილტრო სიგარეტის აქციზის გადასახადი 60 თეთრიდან 1.70 ლარამდე გაიზარდა. ამასთან, ფილტრიანი სიგარეტის ადვალური გადასახადი 10%-დან 30%-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება 1 კგ გასახვევ თამბაქოს – ამ ეტაპზე, ის 35 ლარით იბეგრება.
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ, ევროდირექტივის შესაბამისად, 2024 წლისთვის, ყველა სახის თამბაქოს ნაწარმზე აქციზის თანდათანობით მატება მოსალოდნელია, რისი მიზანიც თამბაქოს მოხმარების ზიანის შემცირებაა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები