სტუ-ში საერთაშორისო პროექტ HERITAG-ისა და HERITAG-CulturWB-ის ერთობლივი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით, ევროკავშირის ERASMUS+ პროგრამით დაფინანსებული საერთაშორისო პროექტების, HERITAG-ისა და მისი პარტნიორი CulturWB-ის პროექტის ერთობლივი ფინალური განხილვა გაიმართა.
როგორც „კვირას“ ტექნიკური ინივერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, პროექტი სამი წელია, მიმდინარეობს და უკვე დასრულდა.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ის შედეგები და სამუშაოები განიხილეს, რაც უნივერსიტეტმა პროექტის ფარგლებში გაახორციელა.
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს ევროკავშირის ERASMUS+ პროგრამით დაფინანსებული საერთაშორისო HERITAG პროექტის ფინალურ შეხვედრას. პროექტი მიზნად ისახავს გეოსივრცული ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებას, ამ სფეროში მეტი განათლებისა და ტრენინგის საჭიროებას. ასევე, ამ მიმართულებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის დარგების შესაძლებლობათა გაძლიერებას, რაც მეტად აქტუალურია დღევანდელი საქართველოსთვის“, – აღნიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსმა, ოთარ ზუმბურიძემ.
პროექტის გახორციელება 2015 წელს დაიწყო. საქართველოში პროექტ HERITAG-ის პარტნიორები არიან: საქართველოს ტექნიკური, ილიას და ბათუმის სახელწიფო უნივერსიტეტები, „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო“ და კომპანია „გეოგრაფიკი“.
პროექტის პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეგიდით პროექტის მართვას ახორციელებს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის დეპარტამენტი.
ERASMUS+ პროგრამით დაფინანსებული პროექტი HERITAG-ი – „უმაღლესი განათლების ინტერდისციპლინარული რეფორმა ტურიზმის მართვისა და გამოყენებითი გეოინფორმატიკის სასწავლო პროგრამებში“ (HERITAG – Higher Education interdisciplinary Reform in Tourism management and Applied Geoinformation curricula) – ეხება გეოსივრცული ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებას, ამ სფეროში მეტი განათლებისა და ტრენინგის საჭიროებას, ასევე – ამ მიმართულებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის დარგების შესაძლებლობათა გაძლიერებას.
პროექტი HERITAG-ი საქართველოსა და სომხეთში ოთხ ევროპელ პარტნიორთან თანამშრომლობით ხორციელდება.
პროექტის კოორდინატორია ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (ესპანეთი).
„პროექტის ფარგლებში რამდენიმე ტიპის სხვადასხვა სილაბუსი და მასალები მომზადდა. შევიძინეთ სკანერი, რომლის მეშვეობითაც უკვე შეგვიძლია, ვნახოთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები სამ განზომილებაში. გარდა ამისა, ვალენსიისა და სალონიკის უნივერსიტეტებთან ერთად, ჩვენ შევიმუშავეთ სხვადასხვა პროგრამა და ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით შევქმენით სასწავლო კურსი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მთავარია ის, რომ პროექტი მიმართულია, რათა სამი ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეძლონ ერთმანეთთან ამ პროგრამით დაკავშირება და მეტი დეტალების ერთმანეთში გარკვევა. არის მოლოდინი, რომ პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და, ამჯერად, ძირითადად, გაცვლით პროგრამებზე იქნება ორიენტირებული. ეს იქნება ტექნიკური უნივერსიტეტისა და ვალენსიის უნივერსიტეტის სტუდენტების გაცვლითი პროექტი“, – განაცხადა საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის დეპარტამენტის უფროსმა, მალხაზ ხურციძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები