არჩილ თალაკვაძე: ყველა დელეგაცია რეგლამენტისა და პოლიტიკური ტრადიციის შესაბამისად დაკომპლექტდა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო მუდმივმოქმედი დელეგაციების განახლებაში სენსაცია არაფერია. ხოლო რაც შეეხება ვიზიტების დაფინანსებას, – დეპუტატი განმარტავს, რომ საკითხი კანონმდებლობაშია დარეგულირებული და პარლამენტის შესაბამისი დეპარტამენტი ამასთან დაკავშირებით ადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებს.

„რამდენიმე წევრმა უმრავლესობა დატოვა, რამაც ავტომატურად გამოიწვია საჭიროება, რომ უმრავლესობამ თავისი კვოტები ხელახლა დააკომპლექტოს. ეს ნიშნავს, რომ უმრავლესობის მიერ წარდგენილი დეპუტატები ამ დელეგაციებში ახლა სხვა დეპუტატებით ჩანაცვლდებიან, რომლებიც უმრავლესობის წევრები არიან. ამაში არაფერი პოლიტიკური სენსაცია არ არის. ყველა დელეგაცია რეგლამენტისა და პოლიტიკური ტრადიციის შესაბამისად დაკომპლექტდა. ახლა არავინ ვაპირებთ ხარჯების დაფინანსებაზე წუწუნს. რა ვიზიტები ფინანსდება პარლამენტის მიერ, ეს კანონმდებლობაში ცალსახად არის გაწერილი. უნდა დაფინანსდეს, თუ არა მათი ვიზიტები, ამაზე გადაწყვეტილებას ვერცერთი ცალკეული დეპუტატი მიიღებს, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს. დაფინანსების საკითხი კანონმდებლობაშია დარეგულირებული და პარლამენტის შესაბამისი დეპარტამენტი ამ საკითხთან დაკავშირებით ყოველთვის ადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებს. ამ საკითხის პოლიტიკურ სიბრტყეში გადატანა თუ მოხდება, ამაზე პასუხი ერთადერთია – დელეგაციების განახლება მოხდა, რადგან ცვლილებები უმრავლესობის შემადგენლობაშია და უმრავლესობამ და ოპოზიციურმა ფრაქციებმა ყველა დელეგაცია ხელახლა დააკომპლექტეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 10 საერთაშორისო საპარლამენტო დელეგაცია გუშინ განაახლა და ამ მიზნით დადგენილება მიიღო. ევროსაბჭოს შემადგენლობაში ეკა ბესელიასა და ზვიად კვაჭანტირაძეს უფლებამოსილების ვადა პირველ იანვრამდე ექნებათ, რის შემდეგაც მათ დელეგაციაში არჩილ თალაკვაძე და სოფო კილაძე ჩაანაცვლებენ. ​ამასთან, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, სადაც დელეგაციების შემადგენლობაზე მსჯელობდნენ, ცხარე კამათის ფონზე წარიმართა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ სამარცხვინოა, როდესაც კვოტების გადანაწილება პოლიტიკური პროცესების შესაბამისად ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები