ხმაურიანი განცხადებები პარლამენტში – „თქვენ შექმენით უმრავლესობის დიქტატურა“

პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურით დაიწყო. „ევროპული საქართველოს” წევრმა, აკაკი ბობოხიძემ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ პლენარული სხდომა, რომელიც 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, გვიან დაიწყო.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა – სესია დაგვიანებით იმის გამო დაიწყო, რომ ბიუროს სხდომა ჩაინიშნა. აკაკი ბობოხიძემ, თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარეს უპასუხა, რომ ის პლენარული სხდომის დაწყებას 12:00 საათზე ელოდებოდა, შემდეგ კი დარბაზიდან გავიდა. სწორედ ამის გამო, მან რეგისტრაცია ვერ გაიარა. ამის შემდეგ, სესიაზე აკაკი ბობოხიძის დაცვას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინათინ ბოკუჩავა შეეცადა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა: „პარლამენტში თქვენ შექმენით უმრავლესობის დიქტატურა, თქვენ აბსოლუტურად ყველა წესს პარლამენტში არგებთ უმრავლესობას. ნებისმიერი მიზეზი, რომელსაც თქვენ ასახელებთ, არის ლეგიტიმური მიზეზი, მაგრამ არ გვიხსნით, ასევე, რა მიზეზი შეიძლება ყოფილიყო იმისთვის, რომ გადაიდო რეგისტრაცია. ასევე, იგივე არის კომიტეტებზეც. როდესაც კომიტეტის თავმჯდომარეს სურს, მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია ან გადადოს, ან დრო შეცვალოს, ან გააუქმოს, ან თავიდან დანიშნოს კომიტეტის სხდომა, მაგრამ იგივე უფლება არ გააჩნიათ სხვა წევრებს და, განსაკუთრებით, ოპოზიციის წევრებს. თქვენი გადაწყვეტილებებით იჩაგრება ოპოზიცია, მათ შორის – რეგლამენტის გამოყენებით. ამაზე გამოხატავდა ბატონი აკაკი ბობოხიძე თავის პროტესტს და იმის ნაცვლად, რომ თქვენ გქონდეთ ლეგიტიმური პასუხი, ჩემი აზრით, პარლამენტის თავმჯდომარისთვის ძალიან შეუფერებელი რიტორიკით მიმართავთ პარლამენტის წევრებს“, – მიმართა ბოკუჩავამ ირაკლი კობახიძეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები