ანა დოლიძე: ძალიან მინდა, გავიცნო ის „გენიოსი“, ვინც დაწერა ახალი მესიჯი, რომელიც არ შეეწინააღმდეგება კონსტიტუციას

„ძალიან მინდა, გავიცნო ის „გენიოსი“, ვინც დაწერა ახალი მესიჯი, რომლითაც გვევლინებიან ირაკლი კობახიძე და მისი ამფსონები, რომ გაითვალისწინებენ მხოლოდ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც არ შეეწინააღმდეგება კონსტიტუციას“, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. როგორც ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ირაკლი კობახიძე ცდილობს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის ის ნაწილი ამოიღოს, რომელიც შეესაბამება მისი და “კლანის” დღის წესრიგს. „ძალიან მინდა, გავიცნო ის „გენიოსი“, ვინც დაწერა ახალი მესიჯი, რომლითაც გვევლინებიან ირაკლი კობახიძე და მისი ამფსონები, რომ გაითვალისწინებენ მხოლოდ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც არ შეეწინააღმდეგება კონსტიტუციას. რა თქმა უნდა, ეს მესიჯი გენიალურია, რადგან მან შეურაცხყოფა მიაყენა 40-ზე მეტ ყველაზე გამორჩეულ სამართლის ექსპერტს ევროსაბჭოს ქვეყნებიდან, რომლებიც მივლენილი არიან ვენეციის კომისიაში, ანუ შეურაცხყოფა მიაყენა ვენეციის კომისიას – თითქოს მან შეიძლება, დაწეროს დასკვნა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება. რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირ სილის გაწვნა. ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ექსპერტული ორგანოსთვის, სინამდვილეში, ეს მესიჯი არის ერთ-ერთი ბოლო გამოსავალი, რომელსაც იყენებს ირაკლი კობახიძე, რომ გაამართლოს საკუთარი დღის წესრიგი. ეს დღის წესრიგი არის ის, რომ ამოიღოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება მისი და “კლანის” დღის წესრიგს. ამ გზავნილებით ზიანდება ჩვენი სახელმწიფოს რეპუტაცია, ვინაიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უშვებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და ევროპული ორგანიზაცია შეიძლება, გამოსცემდეს დასკვნებს, სადაც არ არის გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის რამდენიმე მუხლი“, – განაცხადა ანა დოლიძემ. ამასთან, ანა დოლიძემ უმრავლესობის მიერ მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიისადმი გაგზავნას “მარტივი ტაქტიკური სვლა” უწოდა. „ჩვენ ვნახეთ ეს მარტივი ტაქტიკური სვლა კონსტიტუციის ცვლილებების წესის პროცესში. მაშინ დაიწყო ირაკლი კობახიძემ ამ ტაქტიკების გამოყენება და სწორედ მაშინ გასცა დაპირება, რომ გამოიყენებს ვენეციის კომისიის მოსაზრებებს – თუმცა, შერჩევითად. კობახიძე ცდილობს, დაიჭიროს ორი კურდღელი, ვითომ მიმართა ძალიან ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციას, მაგრამ, ამავე დროს, წინასწარ გვეუბნება, რომ აპირებს, გაითვალისწინოს მხოლოდ ის მოსაზრებები, რომლებიც შეესაბამება მისი და მისი ამფსონების დღის წესრიგს. ამჯერად, ეს ტაქტიკური სვლა ჩვენთვის ნაცნობია და ეს მას აღარ გამოუვა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები