„დამაკლდება… მემახსოვრება“… – ფშავში პოეტი ომარ თურმანაული დაკრძალეს
60 წლის ასაკში ქართველი პოეტი, პროზაიკოსი და მთარგმნელი ომარ თურმანაული გარდაიცვალა სტრასბურგში, სადაც ის 1995 წლიდან ცხოვრობდა. მისი ნეშტი სოფელ ხილიანაში მიაბარეს მიწას.
ომარ თურმანაულის მეგობარი, ჟურნალისტი ფერიდე ბიწაძე ფეისბუქი საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:
„უცნაური დღე იყო… სიკვდილთან გაშინაურების სევდიანი დღე… მარტის უჟმურწვიმიანი თბილისიდან მზითგანათებულ ფშავში აღმოვჩნდით… ომარ თურმანაულის სოფელი ხილიანა ვნახე, ხშირად რომ ახსენებდა და ენატრებოდა… ულამაზესი ხედებით, შორს ჩამოთოვლილი მთებით, კუშტსახიანი ფშავლებით, ნაზამთრალ მიწაზე ამობორცვილი ახალი საფლავით… ახლად აშენებული სახლით, სადაც, ალბათ, დაბერებას აპირებდა, შინაურებში ჩამყუდროვებას, ბუხრისპირს ლექსების წერას… მას რომ ჰგავს, ისეთი სახლია, სადა, საინტერესო ამბებიანი…
კიდევ ერთი გადავაცილეთ მარადისობაში, კარგი კაცი, მეგობარი, პოეტი… დამაკლდება… მემახსოვრება…
ვინც არ იცნობდა, მინდა ჩემმა ფავორიტმა ლექსმა მიიყვანოს მის შემოქმედებამდე…
***
ნეტავ ჩემ თავს არა ვგავდე (ჩემი არაფერი მინდა),
სანატრელი არაფერი არა მქონდეს ამ ქვეყნიდან.
ნეტავი შენ იას ჰგავდე, არა ჰგავდე ადამიანს,
იასავით არ იცოდე, რომ კარგი ხარ, როგორც ია,
გიყვარდე და არ იცოდე, სიყვარული რასა ჰქვია,
მე შენს თმაში თითებს ვხვევდე,
სხივებივით ცხელს და მზიანს,
შენს სულს ვზრდიდე,
როგორც მზის სხივს გაზაფხული გაუზრდია,
თუ მოგჭარბდე,
მოკვდავივით არ ინატრო წვიმა ციდან,
თუ მოგაკლდე,
მოკვდავივით არ იტირო ,,მზესთან მინდა“…
გარედან არ მოიმოსო ძაძა, არცა ბნელი რიდე,
შავი ძაძა მოჟონავდეს შენი ლურჯი თვალებიდან,
შენი ხმიდან მოჟონავდეს, მხრებიდან, თუ ხელებიდან,
ენამჭევრმა რაყიფებმა,
ქებით სულს რომ გხდიან ახლა,
მიწისგან ვერ გაგარჩიონ, ჩაგიარონ გვერდზე მშვიდად,
შენი ძაძის გახდა ჰგავდეს წამოდგომას სამარიდან, –
ერთმანეთი მოგვწყურდეს და, შენ აქედან, მე იქიდან,
ლეთის წყალი ყლუპად შევსვათ, –
გზა გამოჩნდეს სულეთიდან…
არც ცოლივით მომეგებო,
– რომ ინახავს ნამუსს წმინდად,
არც ისე, ვით საყვარელი,
– უნახავი დიდი ხნიდან,
არც ღიმილი მომაგებო,
არც ცრემლები თვალებიდან,
არც მიამბო, რა გადაგხდა ამა წლამდე, იმა წლიდან,-
შევხდეთ,
თითქოს გამოვედით ერთმანეთის სიზმრებიდან;
სიზმარ-ცხადი აგვერიოს
– ცხადს ვყვებოდეთ სიზმარიდან…
ჩვენს მხრებზე გზა გადიოდეს სამზეოში
სულეთიდან.