ზვიად გამსახურდიას 80 წლის საიუბილეო თარიღი სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება
31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა ქალაქში ღონისძიებები გაიმართება.
ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო სპეციალურად შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, რომლის შემადგენლობაშიც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიოდნენ.
„საქართველოს ფოსტა“, ამ დღესთან დაკავშირებით, ზვიად გამსახურდიას მარკას გამოსცემს. განათლების სამინისტრო, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდთან ერთად, ქართველოლოგიის განვითარებისთვის უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის ზვიად გამსახურდიას პრემიას დააწესებს, რომელიც ყოველწლიურად 31 მარტს გაიცემა.
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყობა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ზვიად გამსახურდიას ნაშრომები, ფოტოები, წიგნები, ინტერვიუები.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქალაქ ზუგდიდში ახალ ბიბლიოთეკას ააშენებს, რომელსაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელი მიენიჭება.