“EUROJUST-თან თანამშრომლობა საქართველოს დაეხმარება ტრანსნაციონალური და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის – შავი ზღვის აუზის ქვეყნების მიმართულებით”
საქართველოსა და EUROJUST-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. საქართველოსა და EUROJUST-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ აღნიშნა, რომ EUROJUST-თან შეთანხმების გაფორმება საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, გამოიყენოს ორგანიზაციის ყველა რესურსი ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, მათ შორის – რეგიონალური კუთხით, შავი ზღვის აუზის ქვეყნების მიმართულებითაც.
„საქართველო უერთდება ევროჯასტ-ის იმ დიდ ოჯახს, რომელიც, ერთობლივად, ევროპის ფორმატში ახორციელებს ტრანსნაციონალური დანაშაულისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა საქართველოსთვის, გამოიყენოს და მიიღოს ყველა ის რესურსი, რომელიც ამ ორგანიზაციაში თითოეულ წევრს აქვს ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მეორე მხრივ, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, გაფართოვდეს ამ ბრძოლის გეოგრაფია როგორც რეგიონული კუთხით, ისე – შავი ზღვის აუზის ქვეყნების მიმართულებითაც. ჩვენ უნდა წარმოვადგინოთ შესაბამისი წარმომადგენელი, რომელიც უზრუნველყოფს ერთიან სისტემაში საქართველოს ღირსეულ წარმომადგენლობას და ოპერატიული ინფორმაციის გაცვლას“, – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.
ჰააგაში თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა; გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ და EUROJUST-ის პრეზიდენტმა, ლადისლავ ჰამრანმა.
საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც EUROJUST-მა შეთანხმება გააფორმა. დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, საქართველო, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მსგავსად, EUROJUST-ში წარმოდგენილი იქნება მეკავშირე პროკურორით. ორგანიზაციაში, ასევე, მეკავშირეები ჰყავთ პარტნიორ სახელმწიფოებს (მათ შორის აშშ-ს, ნორვეგიას, შვეიცარიას და ა.შ.).
EUROJUST-თან ორმხრივი სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავება, ასევ, გულისხმობს ქართული მართლმსაჯულების სისტემის, მოსამართლეების, პროკურორების, გამომძიებლებისა და სამართლის სისტემის სხვა წარმომადგენელთათვის მაღალი სტანდარტების დაწესებას და ქართული მართლმსაჯულების სისტემის ევროპის მართლმსაჯულების სისტემაში ჩართვას.
EUROJUST-ი სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის დაწესებულებაა, რომელიც 2003 წლიდან ფუნქციონირებს ჰააგაში, ნიდერლანდების სამეფოში. შეთანხმების გაფორმების მიზნით, EUROJUST-თან მოლაპარაკებებსა და საქართველოში გასატარებელ შიდა სახელმწიფოებრივ პროცედურებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა.