ლევან კობერიძე: დარწმუნებული ვარ, სამინისტრო გამონახავს რესურსს და პოზიციები შეჯერდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე დარწმუნებულია, რომ მიუხედავად სოციალური მუშაკების მხრიდან გაფიცვის ფორმისა, პროცესი მაინც პოზიტიურად წარიმართება.

„ზოგადად, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ერთერთი ყველაზე ადეკვატურია შექმნილ პრობლემებზე რეაგირების, ანალიზის და გადაწყვეტილებების მიღების კუთხით. დარწმუნებული ვარ, პროცესი, მიუხედავად სოციალური მუშაკების მხრიდან გაფიცვის ფორმისა, მაინც პოზიტიურად წარიმართება.

2018 წლის შემოდგომაზე მიღებული კანონის შესაბამისად სამინისტრომ უკვე დაიწყო გრძელვადიანი გეგმის შემუშავება, რომლშიც გაფიცულთა მოთხოვნების დიდი უმრავლესობა უკვე ასახულია, ამჟამად მათი მოთხოვნაა გეგმაში არსებული პუნქტების ვადაზე ადრე შესრულებას, ვიდრე გეგმით არის გათვალისწინებული.

სამინისტრო გამონახავს რესურს და მოხდება ამ პოზიციების შეჯერება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უკვე გარკვეული გადაწყვეტილებები მიღებულია: მაგალითად, ყველა რაიონში დამატებულია სატრანსპორტო საშუალებები, დანარჩენ საკითხებზეც აუცილებლად გაგრძელდება მუშაობა.

მთავარია, რომ გაფიცულები დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს, რომ თვითონ ბენეფიციარებმაც მიიღონ ის მომსახურება, რაც ეკუთვნით სახელმწიფოსგან, სოციალური მუშაკებისგან. დარწმუნებული ვარ, თავად სოციალური მუშაკებსაც აღელვებთ ეს საკითხი და უახლოეს პერიოდში, ნელ-ნელა ეს პროცესი სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაგრძელდება. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ საკომიტეტო თუ სხვა ნებისმიერ ფორმატში ჩავერთოთ”, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები