ირაკლი კობახიძე: გავიზიარებთ ყველა იმ შენიშვნას, რომელიც იქნება გამომდინარე კონსტიტუციის პრინციპებიდან
„ჩვენ გავიზიარებთ ყველა იმ შენიშვნას, რომელიც იქნება გამომდინარე კონსტიტუციის პრინციპებიდან და, ზოგადად, ევროსაბჭოს რეკომენდაციებიდან. ამ ჩარჩოებში, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ ყველა შენიშვნას ვენეციის კომისიის მხრიდან”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ მომზადებული კანონპროექტი და პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი არის სრულ შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან. უფრო მეტიც, ჩვენ სწორად ვიხელმძღვანელეთ ევროსაბჭოს საკვანძო რეკომენდაციებითა და კონსტიტუციის შესაბამისი პრინციპებით, როდესაც ვამუშავებდით ამ დოკუმენტს და როდესაც შევიმუშავეთ კანონპროექტი. აქედან გამომდინარე, არ ველოდებით რაიმე სერიოზულ შენიშვნებს ვენეციის კომისიის მხრიდან”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, მმართველი გუნდი გაიზიარებს ყველა შენიშვნას, რომელიც იქნება გამომდინარე კონსტიტუციის პრინციპებიდან. ირაკლი კობახიძის განცხადებით, 1-2 აპრილს საქართველოში ვენეციის კომისიის ექსპერტები ეწვევიან და, ამის შემდეგ, დასკვნა მომზადდება. „ჩვენ გავიზიარებთ ყველა იმ შენიშვნას, რომელიც იქნება გამომდინარე კონსტიტუციის პრინციპებიდან და, ზოგადად, ევროსაბჭოს რეკომენდაციებიდან. ამ ჩარჩოებში, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ ყველა შენიშვნას ვენეციის კომისიის მხრიდან. გაგრძელდება მუშაობა. საქართველოში ჩამოდიან ვენეციის კომისიის ექსპერტები. მათი ვიზიტი 1-2 აპრილს შედგება და ჩვენ გვექნება, ბუნებრივია, მათთან შეხვედრა. ამის შემდეგ, მომზადდება უკვე საბოლოო დასკვნა და ერთად ვიმსჯელებთ ამ დასკვნასთან დაკავშირებით. რაც შეეხება, ზოგადად, დასკვნის გათვალისწინების პრაქტიკულ შესაძლებლობას – გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ორი კვირით გადავდეთ მეორე მოსმენით მიღება, გვაქვს იმის საშუალება, რომ დასკვნა ავსახოთ, სათანადოდ, მეორე მოსმენით კანონპროექტის მიღებისას”,- განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.