კახა კოჟორიძე: წინა ხელისუფლების დროს, მოქალაქეს ქონება მიხეილ ჩინჩალაძის დავალებით დაათმობინეს
“წინა ხელისუფლების დროს, 2007 წელს, მოქალაქე მამუკა აბესაძეს ქონება მცხეთის იმჟამინდელი საოლქო პროკურორის, მიხეილ ჩინჩალაძის დავალებით, იძულებით დაათმობინეს”, – ამის შესახებ ადვოკატმა კახა კოჟორიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მიხეილ ჩინჩალაძე, ამჟამად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა.
როგორც კოჟორიძემ განაცხადა, აბესაძესთან ჩინჩალაძის დავალებით მცხეთის იმდროინდელი პროკურორი, მამია ფხაკაძე მივიდა და ქონების დათმობა აიძულა. მამია ფხაკაძე, დღეს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა.
საქმის დეტალებზე კახა კოჟორიძემ და მამუკა აბესაძემ ისაუბრეს.
„მამუკა აბესაძე წინა ხელისუფლების დროს იყო სისტემური დანაშაულებრივი მოქმედებების მსხვერპლი , ხოლო დღეს ის არის, ასევე, სისტემური დანაშაულებრივი უმოქმედობის მსხვერპლი. ეს ადამიანი უკანონოდ მისცეს სისხლის სამართლებრივ პასუხისგემაბში. აიძულეს, მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი , რომელიც დღეს რამდენიმე მილიონი ღირს, უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოსთვის. მისი შვილი, ასევე, უკანონოდ იქნა პასუხისგებაში მიცემული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეირყა, ფინანსური ზარალიც მიაყენეს. ის არის ორკესტირებული, ორგანიზებული დანაშაულებრივი მოქმედებების მსხვერპლი. ხელისფლების შეცვლის შემდეგ, ბატონი მამუკა აბესაძე ყველა სამართლებრივ ფრონტზე იბრძვის, ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებას ცდილობს იმ მიზნით, რომ დაადგინოს თავისი სიმართლე და მოახდინოს თავის უფლებების თუნდაც ნაწილობრივი აღდგენა. თუმცა, ჯერჯერობით, ამ ბრძოლას არანაირი შედეგი მოჰყოლია.
ამ მრავალეპიზოდიანი საქმიდან მინდა, დღეს ვისაუბრო ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან და, ასევე, აქტუალურ საკითხზე; კერძოდ, მიწის ნაკვეთის იძულებით გაჩუქებასთან დაკავშირებით. მოკლედ მოგახსენებთ ამ საქმის სიტორიას: 2007 წელს, მამუკა აბესაძესთან მიდის მცხეთის პროკურორი , მამია ფხაკაძე და მას აიძულებს, მის საკუთრებაში არსებული ქონება სახელმწიფოს გადასცეს უსასყიდლოდ. საქმის მასალების თანახმად, მამია ფხაკაძე მოქმედებდა იმ დროს მცხეთის საოლქო პროკურორის, მიხეილ ჩინჩალაძის დავალებით. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი ეს სახელი და გვარი. მიხეილ ჩინჩალაძე დღეს გახლავთ სასამართლო სისტემის ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი. ხოლო მამია ფხაკაძე დღეს არის რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე.
რით დასტურება, რომ ეს გავლენიანი პირები იყვნენ ჩართულები პროცესში – ეს არის მამია ფხაკაძის ხელით დაწერილი წერილი. როცა ის მივიდა მამუკა აბესაძესთან და მოსთხოვა ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა, საკუთარი ხელით დაუწერა, თუ როგორ უნდა გადაეცა უსასყიდლოდ სახელმწიფოსთვის ქონება. ეს ხელნაწერილი შეინახა მამუკა აბესაძემ და, 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მიმართა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით. გამოძიება დაიწყო, სხვათა შორის, საკმაოდ აქტიურად და რამდენიმე საგამოძიებო მნიშვნელოვანი მოქმედება იქნა ჩატარებული. დაიკითხნენ მოწმეები. ჩატარდა ექსპერტიზა. თავდაპირველად მამია ფხაკაძე ამბობდა, რომ მას არ ახსოვდა , რომ ასეთი ხელწერილი არსებობდა , შემდეგ ჩატარდა ექსპერტიზის დასკვნა. ხელთ გვაქვს ეს დასკვნა. აქ მითითებულია, რომ, ნამდვილად, ეს ხელწერილი არის დაწერილი მამია ფხაკაძის მიერ. მოწმეები, ასევე, ადასტურებენ ამ იძულების ფაქტს. მტკიცებულებები გარდა, საქმეში არის, ასევე, მობილური ოპერატორიდან ამონაწერები, საიდანც დასტურდება, რომ სწორედ პროკურორის ინიციატივით ხდებოდა მაშინ კომუნიკაცია.
მას შემდეგ, რაც, 2013 წელს, სასამართლო სისტემაში ჩატარდა არჩევნები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად აირჩიეს კვლავ გავლენიანი პირები და შემდეგ, ასე ვთქვათ, დაალაგა ურთიერთობა ამ გავლენიანმა ჯგუფმა ხელისუფლებასთან. ზუსტად ამ მომენტიდან, არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში ეს, გამოძიება შეწყდა. შესაბამისად , სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მიეცა საქმეში არსებულ უამრავ მტკიცებულებას“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.
ადვოკატის თქმით, ისინი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, უშუალოდ, გენერალურ პროკურორს მიმართავენ.
„მივმართავთ, უშუალოდ, საქართველოს გენერალურ პროკურორს და მოვითხოვთ, გაუქმდეს გამოძიების შეწყვეტის შესახებ მიღებული დადგენილება, რომელიც არის აბსოლუტურად დაუსაბუთებული. გაგრძელდეს გამოძიება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების სრულად დაცვით. წარიმართოს გამოძიება ყოველმხრივ, ობიექტურად და სრულად. დადგინდეს, ნამდვილად მოხდა, თუ არა დანაშაულებრივი მოქმედება მამუკა აბესაძის მიმართ“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.
თამუნა შეყილაძე