ლევან იზორია: საქართველო თავდაცვის სფეროს ტრანსფორმაციას ნატოს შეკავების პოლიტიკის შესაბამისად განაგრძობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიასა და ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ მარტინ ჰარემს შორის გამართულ შეხვედრაზე, განხილვის მთავარი თემა საქართველოსა და ესტონეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები იყო.
„მხარეებმა სამხედრო სფეროში ურთიერთობის დინამიკაზე გაამახვილეს ყურადღება, რაც მაღალი დონის ვიზიტებით, ეროვნული გვარდიის შესაძლებლობების განვითარებით, ესტონეთისა და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის პარტნიორობით, კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობითა და მრავალეროვნულ სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობით გამოიხატება“,- აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
ლევან იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა ესტონეთის მხარის ჩართულობა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრში (JTEC) მიმდინარე ნატო-საქართველოს სწავლებაში და იმედი გამოთქვა, რომ ესტონელი სამხედროები საქართველოში დაგეგმილ სხვა მნიშვნელოვან სწავლებებშიც მიიღებენ მონაწილეობას.
თავდაცვის მინისტრმა ესტონეთის მთავრობის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების ურყევი მხარდაჭერისთვის სტუმარს მადლობა გადაუხადა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ესტონელი დამკვირვებლების როლზე გაამახვილა ყურადღება.
„ესტონელ გენერალთან შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრი ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველო თავდაცვის სფეროს ტრანსფორმაციას ნატოს შეკავების პოლიტიკის შესაბამისად განაგრძობს, რაც მიზნად ისახავს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საბოლოო გაწევრიანებას“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები