თამარ ჩუგოშვილი: ვერავინ მოუგვარებს ქალებს პრობლემებს და ვერავინ დაუმარცხებს მათ, თუ ვერ დავინახეთ ისინი სრულფასოვნად

„ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ქალების რაოდენობა პოლიტიკაში და, განსაკუთრებით, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, ძალიან დაბალია“- ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა ქალთა გაძლიერების ფორუმის მონაწილეებს, რომელიც საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და USAID-PROLoG-ის ორგანიზებით გაიმართება.
თამარ ჩუგოშვილმა ისაუბრა ქალთა მონაწილეობაზე პოლიტიკაში და აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ქალების რაოდენობა პოლიტიკაში და განსაკუთრებით გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, ძალიან დაბალია „საქართველოს პარლამენტში გვყავს მხოლოდ 15% ქალი.
კიდევ უფრო ნაკლებია, სამწუხაროდ, ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე. ეს ძალიან გვაწუხებს არა მხოლოდ იმიტომ, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალები არიან და შესაბამისად, მათი წარმომადგენლობა ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს, არამედ უფრო მეტად იმიტომ, რომ პოლიტიკა არის სხვანაირი, როდესაც ქალები და კაცები თანაბრად არიან წარმოდგენილნი. ეს არ არის ვარაუდები, ეს არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული მსჯელობა, რომელიც დამტკიცებული აქვს ძალიან ბევრ ქვეყანას სხვადასხვა კვლევებით. ქალები, ერთი მხრივ, ბევრად უფრო კეთილსინდისიერად იქცევიან პოლიტიკაში, ნაკლებად ეხვევიან კორუფციასა და კლანურობაში, ნაკლებად ხდებიან ისეთი პროცესების მონაწილეები, რომლებიც დამაზიანებელია ქვეყნისთვის და ხშირად ძალიან უხერხულს ხდის ხოლმე თავად პოლიტიკურ პროცესს. ასეთი ტერმინიც კი არსებობს, რომ პოლიტიკა ბინძურია და შესაბამისად, მასში სუფთა ადამიანებს გარევა არ უნდათ. პოლიტიკის ეს იმიჯი, მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ წილად შეიცვლებოდა მოსახლეობის ნახევარზე მეტს შესაძლებლობა რომ ჰქონდეს თანაბრად იყოს წარმოდგენილი. ყველაფერი ამტკიცებს, რომ სადაც თანასწორობაა, იქ არსებობს უფრო მეტი ეფექტურობა, უკეთესი იდეებიც და უფრო კეთილსინდისიერი საქმიანობაც“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
მისივე თქმით, საკითხებზე, რომლებიც ყველაზე მეტად ქალებს ეხებათ, რომლებთან შეხებაც ქალებს უფრო მეტად უწევთ და შესაბამისად, პასუხისმგებლობის აღებაც, არ შეიძლება გადაწყვეტილებას იღებდნენ ისინი, ვინც ბევრად უფრო ნაკლებად აღიქვამს ამ პრობლემების სიმწვავეს.
„ძალიან ბევრი ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ როგორც კი მაგიდასთან სხდებიან ქალები, მაშინვე ჩნდება სწორედ ისეთი თემები, რომლებიც ყოველდღიურად აწუხებს ქვეყანას და ოჯახებს, ესენია: ჯანდაცვა, სოციალური უფლებები, თანასწორობა, განათლება და სხვა. ჩვენს ქვეყანასაც, ზუსტად, ეს პრობლემები აქვს. შესაბამისად, ამ პრობლემების გადაჭრა ისე, რომ მოსახლეობის ნახევარი წარმოდგენილი არ იყოს ამ ყველაფერში, ბუნებრივია პროცესის სისწორეს და სიჯანსაღეს აზიანებს და აზარალებს“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ქალთა გაძლიერების ფორუმის მთავარი მიზანია მოახდინოს ადამიანების წახალისება და ინსპირირება.
„ასეთი ინსპირაცია ჩვენ ნამდვილად გვჭირდება, განსაკუთრებით გოგონებს და ქალებს, რომლებიც უამრავ ბარიერს ხვდებიან თავიანთ კარიერულ გზაზე და ხშირად ისე, რომ ვერც ვაცნობიერებთ ამ ყველაფერს. ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ პირველად გენდერული სტერეოტიპების სიმწვავე გავაცნობიერე ძალიან დიდ ასაკში, მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად წავედი. ქალები ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ მათ აჩუმებენ როცა ლაპარაკს იწყებს, რომ მათ ნათქვამ იდეებს სხვები ითვისებენ და თავიანთ სახელს არქმევენ, რომ მათ არ აძლევენ შესაძლებლობას ისხდნენ იმ მაგიდებთან, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი აკეთებენ მთელ საქმეს. ზუსტად მაშინ აღვიქვი სრული სიმძაფრით ის ბარიერები, რომლებიც არსებობს და რომლებსაც ძალიან ხშირად ჩვენს ქვეყანაში ვერც ქალები და ვერც კაცები ვერ აცნობიერებენ, მაგრამ შედეგებიდან ძალიან კარგად ჩანს“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობის საბჭო პარლამენტში ძალიან აქტიურია და ცდილობს, რომ რაც შეიძლება ერთი მოწვევის ფარგლებში გაკეთდეს, ყველაფერი გააკეთოს და რაც მთავარია, ამ ყველაფერზე ისაუბროს.
„შეიძლება უკეთესი კანონმდებლობის მიღება, შეიძლება მთავრობის წახალისება, რომ უფრო ეფექტური ნაბიჯები გადადგას, შეიძლება საზოგადოების ინფორმირება, გოგოებისთვის სტიმულის და ინსპირაციის მიცემა, ქალებისთვის იმ განცდის გაჩენა, რომ მარტო არ არიან და მათ გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც მათ ხელს შეუწყობენ, დაიცავენ, თუ ისინი ხვდებიან შევიწროების ან ძალადობის მსხვერპლი და რაც მთავარია, შეიძლება ამ ყველაფერზე საუბარი. ზოგჯერ სიტყვა უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი საქმე და მე მგონი ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამ თემაზე საუბარი საქმეა იმიტომ, რომ, პირველ რიგში, ცნობიერების ამაღლება და სწორი დამოკიდებულებების გაჩენა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მითუმეტეს, ჩვენ ამაყად ვამბობთ, რომ იმ ქვეყანას წარმოვადგენთ, რომელსაც 100 წლის არა თუ ქალებისთვის უფლებები ჰქონდა გარანტირებული, არამედ ქალები პარლამენტში ჰყავდა და ისინი ძალიან შთამბეჭდავები იყვნენ და ყველა მათგანმა ამის გამო სიცოცხლე გაწირა“,- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა. მისივე თქმით, ჩვენს ქვეყანას აქვს საფუძველი რითიც შეუძლია იამაყოს, მაგრამ ასევე აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, რომელზეც, პირველ რიგში, აუცილებელია საუბარი და თუ მოხდება მათი აღიარება, ძალიან მარტივად გამოჩნდება მათი გადაჭრის გზებიც. „ეს არის ის როლი, რასაც ჩვენ ვხედავთ როგორც ჩვენს ფუნქციას საქართველოს პარლამენტში. ამისთვის, უკვე ძალიან ბევრი საინტერესო პროცესი განვახორციელეთ, ძალიან აქტიურია საბჭო და ახლა ვართ შუაგულში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების, რომელიც ეხება სექსუალურ შევიწროებას, რაც ცოტა ხნის ტაბუირებული თემა იყო, რომელზეც ცოტა ხნის წინ არავინ საუბრობდა და არავინ აღიარებდა ამ პრობლემის არსებობას. სულ ახლახან პარლამენტმა, კომიტეტების დონეზე, მხარი დაუჭირა ცვლილებებს. სულ მალე, ჩვენ ველოდებით, რომ უკვე პლენარულ სხდომაზეც მოხდება ამ საკითხის მხარდაჭერა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ყველაფერს, რასაც აკეთებენ, აისახებოდეს ადამიანების ცხოვრებაზე, აისახებოდეს ქალების ცხოვრებაზე და პირველ რიგში აისახებოდეს იმგვარად, რომ მათი მობილიზება მოხდეს ამ პრობლემების მოსაგვარებლად.
„ვერავინ მოუგვარებს ქალებს ამ პრობლემებს და ვერავინ დაუმარცხებს მათ ამ სტერეოტიპებს, თუ ვერ დავინახეთ ისინი, პირველ რიგში სრულფასოვნად. როგორც კი დავინახავთ და აღვიქვამთ ამ სტერეოტიპებს, ბევრად უფრო მარტივი ხდება მათთან გამკლავება. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ როგორც USAID-PROLoG-ის, ასევე სხვა პროექტებიდან, რომლებიც ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ არის დაფინანსებული და ბუნებრივია, რომ ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როს უილსონის და ასევე, მთლიანად საელჩოს მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ამ მიმართულებით ვიღებთ და ძალიან დიდი მადლობა მათ ამ მხარდაჭერისთვის“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, ასევე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა.
„ქალებისთვის თანასწორი წინსვლის შესაძლებლობა, რომლებიც მოსახლეობის ნახევარს წარმოადგენენ, არა მხოლოდ სამართლიანია, არამედ უმნიშვნელოვანესია ჩვენი მომავლისათვის“,-განაცხადა როს უილსონმა.
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, თავის გამოსვლაში, ისაუბრა გენდერული ბარიერების გადალახვის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით საზოგადოების როლზე.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ზომებს იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს საგანმანათლებლო შესაძლებლობები და თანასწორობა ყველასათვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქალების და გოგონების გაძლიერებას, რათა მათ სრულყოფილად მიიღობ მონაწილეობა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში ,- აღნიშნა როს უილსონმა.
ფორუმის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილემ მოდერაცია გაუწია სესიას თემაზე: „ქალთა როლი სოციალურ დ პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათი წვლილი და პირადი ისტორიები – პარლმენტის, მთავრობის, სასამართლოს, სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი ლიდერი ქალები“.
სესიაში მონაწილეობა მიიღეს: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა, საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან მესხიშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა ანა არგანაშვილმა.
ფორუმის ფარგლებში გამართულ მორიგ სესია, მოდერაცია გაუწია საქართველოს პარლამენტის წევრმა და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა. ქალთა გაძლიერების ფორუმში მონაწილეობა მიიღეს: საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სასამართლო სისტემის, სახალხო დამცველის ოფისის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, სპორტის, კულტურისა და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა როლზე, ამ პროცესში თავიანთი წვლილსა და პირადი ისტორიების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები