ირაკლი ღარიბაშვილი: წელს მთელ საქართველოში 82 ამბულატორია დამონტაჟდება
მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ თქვენი მდგომარეობა, თქვენი ცხოვრების პირობები გაუმჯობესდეს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მცხეთაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და ახალი ხელისუფლების მიერ სამედიცინო და განათლების სფეროებში გატარებულ რეფორმებსა და მიღწევებზე ისაუბრა.
“ჩვენ ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომლის შედეგადაც თქვენ გექნებათ ამბულატორიები. 82 ამბულატორია დამონტაჟდება წელს მთელ საქართველოში. თქვენ უკვე სარგებლობთ საყოველთაო დაზღვევით. ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე. დღეს უკვე ყველას გვაქვს საშუალება, რომ მივიდეთ და მივხედოთ ჩვენს ჯანმრთელობას, მივაკითხოთ ექიმს, თუ დაგვჭირდა, ოპერაციაც გავიკეთოთ. თქვენი ჯანმრთელობის დაცვის თანხას სახელმწიფო იხდის.
რაც შეეხება განათლებას, წელს უფასოდ დაურიგდებათ სახელმძღვანელოები თქვენს შვილებს. მე მესმის, რომ ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ეს არის გარკვეული შეღავათი თქვენთვის. ასევე ვარემონტებთ სკოლებს, სადაც საჭიროა, ვაშენებთ კიდეც. ასევე ვზრუნავთ ჩვენს სტუდენტებზე, ვისაც სწავლა უნდა და უფულობის გამო არ შეუძლია სწავლის გაგრძელება, ჩვენ ასეთ სტუდენტებს ვუპატრონებთ. ასევე ჩვენ ვაპირებთ, რომ ავაშენოთ სტუდენტური საცხოვრებლები. და ვინც თავს გამოიჩენს სწავლით, გვაქვს სპეციალური პროგრამა, რომ გავუშვათ საზღვარგარეთ სასწავლებლად. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თქვენმა შვილებმა კარგი განათლება მიიღონ, ჩემო მეგობრებო. მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თქვენი მდგომარეობა, თქვენი ცხოვრების პირობები გაუმჯობესდეს“,- აღნიშნა პრემიერმა.