მამუკა ბახტაძე: ჩვენი ანტიკრიმინალური რეფორმებისა და ქმედებების მიზანი არის ხარისხობრივად ახალი და გაუმჯობესებული საპოლიციო საქმიანობა

0

„შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვენ ვახორციელებთ კრიმინალური პოლიციის რეფორმას, რომელიც, ბოლო 20 წლის განმავლობაში, არ გახორციელებულა“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში წარდგენისას დასკვნითი სიტყვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან საგამოძიებო კომპონენტის გასაძლიერებლად ძალიან დიდი ენერგია იხარჯება.

„მოგეხსენებათ, ქურდული სამყაროსა და კანონიერი ქურდების შესახებ კანონში შევიდა ცვლილება და დანაშაულად გამოცხადდა ქურდული შეკრების ორგანიზება, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა. გამკაცრდა სანქციები ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის. პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონი „ქუჩური გარჩევის” შესახებ. მე ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება იმ ოპონენტების პოზიცია ამ კანონთან დაკავშირებით, ვისგანაც დღეს ასეთი ემოციური გამოსვლები ვიხილეთ. ჩვენი ანტიკრიმინალური რეფორმებისა და ქმედებების მიზანი არის სწორედ ხარისხობრივად ახალი და გაუმჯობესებული საპოლიციო საქმიანობა. ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა, პრევენციაზე ორიენტირება და ყველაფერ იმისკენ, რაც ხარისხს უკავშირდება.

და ბოლოს, მინდა, მივმართო ყველა სამართალდამცავს, კრიმინალთან და დანაშაულთან მებრძოლ ყველა ოფიცერსა და რიგითს, ჩვენს პოლიციელებს, გამომძიებლებს, პროკურორებს, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს – მე, როგორც მთავრობის მეთაურმა, მადლობა მინდა გადაგიხადოთ მუხლჩაუხრელი შრომისა და შეუპოვარი ბრძოლისათვის კრიმინალთან და ყველა იმასთან, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს ჩვენი საზოგადოებისთვის რისკს. უღრმესი მადლობა ამისთვის“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი