“მნიშვნელოვანია, პარლამენტმა სათანადოდ გაახორციელოს თავისი საზედამხედველო ფუნქცია და ინტერპელაციის პროცედურა არის ამის შემადგენელი ნაწილი”

0

„დღეიდან, ვნერგავთ ძალიან მნიშვნელოვან ტრადიციას, რომელიც ასახულია ახალ კონსტიტუციასა და ახალ რეგლამენტში – ეს არის ინტერპელაცია, რომელიც მისცემს პარლამენტს იმის საშუალებას, რომ დაუსვას შეკითხვები პრემიერმინისტრს, მთავრობის სხვა წევრებს და მიიღოს ამაზე პასუხები”, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის წესი დღეიდან ამოქმედდა და, აღნიშნული წესით, პლენარულ სხდომაზეპრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმინეს.
მისი თქმით, 12 წლის განმავლობაში, მსგავსი პროცედურა სულ რვაჯერ იქნა გამოყენებული. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინტერპელაციის წესი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ საზედამხედველო ფუნქციის სათანადოდ გახორციელების შემადგენელი ნაწილია.
„დღეიდან, ვნერგავთ ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან ტრადიციას, რომელიც არის ასახული ახალ კონსტიტუციასა და ახალ რეგლამენტში – ეს არის ინტერპელაცია, რომელიც მისცემს პარლამენტს იმის საშუალებას, რომ დაუსვას შეკითხვები პრემიერმინისტრს, მთავრობის სხვა წევრებს და მიიღოს ამაზე პასუხები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია. გასული წლების განმავლობაშრ – მე სხდომაზეც აღვნიშნე  12 წლის განმავლობაში, ამდაგვარი პროცედურა შედგა საქართველოს პარლამენტში სულ რვაჯერ. ჩვენ ამ რეკორდს მოვხსნით მომდევნო ორი წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია ეს სტატისტიკა და, ასევე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, შინაარსი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა სათანადოდ გაახორციელოს თავისი საზედამხედველო ფუნქცია და ეს პროცედურაც არის ამის შემადგენელი ნაწილი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე – იგეგმება თუ არა ცვლილებების გახორციელება რეგლამენტში აღნიშნული პროცედურის დასახვეწად, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ, მოქმედი რეგლამენტის თანახმად, ყველა რეგულაცია სწორად არის დადგენილი. თუმცა, კორექტირების საჭიროების შემთხვევაში, ირაკლი კობახიძე მსჯელობისთვის მზადყოფნას ადასტურებს.
„ჩვენ მზად ვართ ყველაფერზე მსჯელობისთვის. ზოგადად, რეგლამენტი არის აგებული იმ პრინციპებზე, რასაც ჰქვია საზედამხედველო ფუნქციების სწორად გახორციელება პარლამენტის მიერ. შესაბამისად, სწორად არის ყველა რეგულაცია დადგენილი მოქმედი რეგლამენტით. ბევრი სიახლეა, რაც აძლევს პარლამენტს იმის საშუალებას, რომ სათანადოდ, უკეთ გაახორციელოს საზედამხედველო; ასევე, კანონშემოქმედებითი ფუნქციები. თუ რაიმეს კორექტირებაზე იქნება საუბარი ჩვენ, ბუნებრივია, მზად ვართ”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი