არჩილ თალაკვაძე “ნაცმოძრაობას”: თქვენი რეცეპტი ტერორით დანაშაულის დამარცხების მცდელობა იყო, რაც უფრო მეტ დამნაშავეს წარმოშობდა

0

“სისტემა, რომელიც იყო შექმნილი, წარმოშობდა უფრო მეტ დამნაშავეს, წარმოშობდა უსამართლოდ გაბრაზებულ ადამიანებს, ისინი ვერ იგებდნენ, სასამართლომ რომ მიუსაჯა, მერე კიდევ სახელმწიფო რატომ სცემდა და აწამებდა საკანში”, – ასე მიმართა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს „ნაციონალურ მოძრაობას“, სადაც, ინტერპელაციის წესით, პრემიერმინისტრს უსმენენ.​
„კითხვა, რომელიც არის დასმული აქ ოპოზიციის მხრიდან, პირველ ყოვლისა, მოითხოვს პასუხებს. როგორც ეს იყო გუშინ, დღესაც ვნახეთ, რომ არავითარი შეკითხვები, თუ რა გეგმები არის, რა პასუხი არის იმავე გამოწვევაზე, რაზეც ინტერპელაციით მიმართეს პრემიერმინისტრს და მთავრობას, არ დასმულა. მათ, უბრალოდ, არ აინტერესებთ, მომავალში რა უნდა გაკეთდეს. სამაგიეროდ, არის კრიტიკა, სიტუაციის დამძიმების მცდელობა.
პარლამენტში ვხედავთ, რომ შსს ატარებს რეფორმებს, რაც ზუსტად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც ყველა სახელმწიფოს აქვს და, რა თქმა უნდა, საქართველოსაც. მნიშვნელოვანია, რას აკეთებს მთავრობა ამ მიმართულებით. ეს არის კრიმინალური პოლიციის რეფორმა. ეს არის ადამიანის უფლებების რეფორმა, რომელიც არასოდეს ყოფილა თქვენი ხელისუფლების პირობებში პრიორიტეტი. ეს არის პრევენციული მიმართულებები მართლწესრიგის ოფიცერი, ვიდეომონიტორინგის ახალი სისტემა, საკანონმდებლო ცვლილებები, სადაც მიზეზებზე არის სწორება და ის, რომ კრიმინალური სამყარო იქვე პრევენციულად ამ საკანონმდებლო ცვლილებებში არის ზუსტად მიმართული და არის კონკრეტული ქმედებები ჩადებული, როცა კრიმინალურ სუბკულტურას ვეხებით, თუ კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლას ვეხებით.
რა კეთდება პროკურატურის მიმართულებით, პროკურატურის რეფორმა, დამოუკიდებლობის გაძლიერება, საკადრო განახლება, ეს არის კომპლექსური მიდგომა იმიტომ, რომ ერთი სამინისტრო და ერთი უწყება დანაშაულს ვერ დაამარცხებს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
უმრავლესობის ლიდერი სასჯელაღსრულების სისტემაში გახორციელებულ რეფორმებსაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ მთელი სისტემა გამოსწორებასა და რესოციალიზაციისკენაა მიმართული.
რა კეთდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, უსაფრთხოების მიმართულება ნახეთ, ბრძოლა ნახეთ ტერორიზმთან, იმ რისკებთან გამკლავება, რომელიც აქვს რეგიონში და თუნდაც სასჯელაღსრულების სისტემას, თქვენ გუშინ საუბრობდით ამაზე ხმამაღლა და გამიკვირდა, რატომღაც ჩათვალეთ, რომ ყველას დაავიწყდა თქვენი სასჯელაღსრულების სისტემა. არავის არ დავიწყებია, არც მე ვაპირებ დღეს შეგახსენოთ, უბრალოდ უნდა გითხრათ, რომ ესეც დანაშაულთან ბრძოლის ნაწილია და აქაც რეფორმებია გაკეთებული და არის გამოსწორებასა და რესოციალიზაციაზე მიმართული მთელი სისტემა დღეს. თქვენი რეცეპტი რა იყო – ტერორით და დამარცხებით დანაშაულის დამარცხების მცდელობა. დღეს მაინც თუ იცით, შესაძლებელი არის ასე დანაშაულის დამარცხება? რა თქმა უნდა, არ არის. იმიტომ, რომ სისტემა რომელიც იყო შექმნილი, წარმოშობდა უფრო მეტ დამნაშავეს, წარმოშობდა უსამართლოდ გაბრაზებულ ადამიანებს, ისინი ვერ იგებდნენ, სასამართლომ რომ მიუსაჯა, მერე კიდევ სახელმწიფო რატომ სცემდა და აწამებდა საკანში და რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ჩვენს საზოგადოებაში არიან. ისინი არიან ტრავმირებულები და ამან გამოიღო უკუეფექტი. არავითარი დანაშაულთან ბრძოლის და მისი დამარცხების ილუზია ჩვენ აქედან არ გვქონდა. ახლა რა მაინტერესებს აქ, ქალბატონმა ირმამ ძალიან სანდომიანი ლიტერატურული ხმით წაიკითხა თებერვლის დანაშულები. ბატონებო, თქვენი თებერვლები, მაისები და ნოემბრები იყო საშინელი. ერთი ლიტერატურული გამოსვლა მაგასაც რომ მიუძღვნათ ცუდი არ იქნებოდა. მე გავაგრძელებ თებერვლის ამბებს, ბოლომდე ვერ ჩამოთვალა ირმამ, როგორც ჩანს, 192 დანაშული სიცოცხლის წინააღმდეგ, წარმოგიდგენიათ, ეს რა საშინელებაა?! 1154 დანაშული საკუთრების წინააღმდეგ, თებერვალი ისევ, ეს ავბედით თებერვალი. 267 დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ, ისევ თებერვალი. მაგრამ ეს ყველაფერი 2011 წელს მოხდა. მაშინ საშუალოდ 88 დანაშაული ხდებოდა დღეში, მე მგონი, ესეც რომ წაგეკითხათ ასეთი ლიტერატურული აღტყინებით არ იქნებოდა ცუდი და სხვათა შორის, დავეთანხმები მამუკას იმაში, რომ მარტო დანაშაულები რომ გამოაცხადეთ ისე, რომ რეაგირებაზე ხმა არ ამოგიღიათ, ეს ნამდვილად გამოიღებს ეფექტს, რომ დანაშაულის წახალისებას მოემსახურება. იქვე უნდა მოყვეთ, თუ რას აკეთებს სახელმწიფო იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შსს, მხოლოდ ჩვენი პოლიციელები, ეს არის თქვენი პოლიციაც, თქვენი შსს და თქვენი მთავრობაც. თქვენს უსაფრთხოებასაც იცავენ ეს ადამიანები და საერთოდ, თუ გაინტერესებთ, რას აკეთებს პოლიცია ამ ქვეყანაში; რას აკეთებს თითოეული პოლიციელი ამ ქვეყანაში, რომელთა საქმეც არის შეუფასებელი, წარმოიდგინეთ ერთი დღე პოლიციელების გარეშე და მერე მიხვდებით განსხვავებას, როდის მუშაობს შსს და როდის არ მუშაობს შსს!”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი