მამუკა ბახტაძე: საზოგადოების ნაწილი კრიმინალური მენტალიტეტის მიმართ კვლავ ლოიალურადაა განწყობილი

0

საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, კრიმინალურ მენტალიტეტზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ საკითხის მიმართ საზოგადოების ნაწილი კვლავ ლოიალურადაა განწყობილი, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ​როგორც მან აღნიშნა, კრიმინალს სახელმწიფო კანონით დადგენილ პოლიტიკას უპირისპირებს, რადგან, მისივე განმარტებით, დემოკრატიულ ქვეყნებში დანაშაულთან ბრძოლა ადამიანის უფლებების ხარჯზე არ ხდება. “არავინ ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ ყველაფერი კარგად არის და პრობლემები არ არსებობს. სამწუხაროდ, საქართველოში საზოგადოების ნაწილი კვლავ ლოიალურად არის განწყობილი კრიმინალური მენტალიტეტის მიმართ და დიახ, ეს არის სერიოზული პრობლემა. თუმცა, მეორე მხრივ, თითოეულმა ჩვენგანმა იწვნია, თუ რა შედეგებამდე მიგვიყვანა წინა ხელისუფლების „ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკამ − „ყველა ციხეში”. სხვათა შორის, ეს სიტყვები ამავე დარბაზში გაჟღერდა და ბევრმა თქვენგანმა ოვაციაც კი გამოხატა მათ მიმართ. კრიმინალს ჩვენ ვუპირისპირებთ კანონით დადგენილ პოლიტიკას, რადგან დემოკრატიულ ქვეყნებში დანაშაულთან ბრძოლა არ ხდება ადამიანის უფლებების ხარჯზე და ის არასოდეს მოხდება საქართველოში − მათ შორის, სიცოცხლის ხელყოფის ხარჯზე, პატივისა და ღირსების შელახვის ხარჯზე. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია, არსებული მდგომარეობის რეალურად შეცვლა და გამოსწორება, სადაც აუცილებელია − მივიღებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, სადაც საჭიროა − გატარდება რეფორმები, რომლებიც სამართალდამცავთა საქმიანობას გახდის უფრო ეფექტურსა და ხარისხიანს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი