გიორგი გახარია: შსს აკონტროლებს ყველაფერს, რაც ხდება როგორც ქუჩებში, ასევე – დანაშაულის მიმართულებით

0

„საქართველოს პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო აკონტროლებს ყველაფერს, რაც ხდება როგორც ქუჩებში, ასევე – დანაშაულის მიმართულებით“, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც, ინტერპელაციის წესით, პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იმყოფებოდა. შს მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის დღევანდელი სხდომა შეაფასა და განმარტა, რომ პარლამენტში შინაარსობრივი საუბრის ნაცვლად, პოლიტიკური განცხადებები მიიღეს, რაც, ასევე, მისაღებია. „რაც შეეხება აჟიოტაჟს, რაც ხდება და თქვენ ბრძანეთ, რომ კატასტროფული მდგომარეობაა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ – მთელს ჩემს გუნდთან ერთად, თითოეულ პოლიციელთან ერთად, რომელიც დღესაც აქ ჩემსავით ელოდებოდა შინაარსობრივ საუბარს – ხელისუფლება, მათ შორის – პარლამენტი და ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლების ნაწილია – მხარს დაუჭერს და დისკუსიაში შევა შინაარსობრივ ნაწილში, როგორ გამოვასწოროთ მდგომარეობა. ნაცვლად ამისა, მივიღეთ პოლიტიკური განცხადებები, რაც, ასევე, მისაღებია. კიდევ ერთხელ ვამბობ – სტატისტიკური მონაცემები მძიმე დანაშაულის ნაწილში პოზიტიურია. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ დღეს საქართველოს პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო პრინციპულად აკონტროლებს ყველაფერს, რაც ხდება როგორც ჩვენს ქუჩებში, ასევე – დანაშაულის მიმართულებით. თუმცა, ასევე, აღიარებს, რომ ისეთი დანაშაულების ნაწილში, როგორიც არის ქურდობა, ოჯახში ძალადობა, მუქარა და კიდევ ბევრი, გვაქვს გარკვეული ზრდა”, – განუცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს. მინისტრი აცხადებს, რომ დანაშაულთან ბრძოლა არ არის მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვალეობა. მისივე თქმით, მართლმსაჯულების ერთიანი სისტემა არის პრინციპული მნიშვნელობის მქონე ინსტიტუცია სახელმწიფოში და ეს პრობლემა ერთობლივად უნდა მოგვარდეს. „ვგულისხმობ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას, სასამართლო სისტემას, სასჯელაღსრულებასა და ა.შ . თითოეულ ჩვენს მოქალაქეს აქვს სრული საფუძველი წყნარად, მშვიდად, რამეთუ შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს პოლიცია უზრუნველყოფს მართლწესრიგს ქვეყანაში და შესაძლებლობას, თითოეულმა მოქალაქემ, თითოეულმა ოჯახმა იზრუნოს, იშრომოს თავისი ოჯახის, შვილების საკეთილდღეოდ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი