მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ ლაპარაკობს იმაზე, რა დანაშაული მოხდა, მაგრამ არ ლაპარაკობს იმაზე, რა ღონისძიებები გატარდა და გაიხსნა თუ არა საქმე

0

“გამოვყოფდი მხოლოდ საგამოძიებო ორგანოების გამომძიებლის უფლებამოსილების გამიჯვნას პროკურორის უფლებამოსილებისგან. გამოძიებისა და გამომძიებლის კომპეტენცია არის ერთ-ერთი ქვაკუთხედი, რომ გაიზარდოს გახსნის მაჩვენებელი, რომ სწორ გზაზე დავდგეთ და დანაშაულის პრევენცია უფრო პროფესიონალურ დონეზე მოვახდინოთ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში შსს-ში გახორციელებული რეფორმების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ოჯახში ძალადობა, მუქარა, ნივთის დაზიანება, ადევნება – ეს ის დანაშაულებებია, რომელზეც მომართვიანობამ იმატა. შესაბამისად, სტატისტიკაც გაიზარდა და ეს იმ ფონზე, რომ, წინა ხელისუფლების პირობებში, ამ დანაშაულებებზე მომართვა საერთოდ არ იყო. ამასთან, მდინარაძის თქმით, სტატისტიკურად შემცირებულია დამამძიმებელ გარემოებებში დანაშაულის ჩადენა, რაც შს სამინისტროში გატარებული რეფორმების დამსახურებაა.
“დღეს, ახალ ტრადიციას ვაყალიბებთ და ახალი ტრადიცია უნდა ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ სხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალება არ იყოს, თუმცა – ამაზე მოგვიანებით. ისედაც ძალიან ცოტა დრო გვაქვს და ეს არის სწორი ამ შემთხვევაში, რომ კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები გაეცეს. დღეს, უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, თუ, რეალურად, რასთან გვაქვს საქმე: გაზრდილ კრიმინალთან, ჩვენი ოპონენტების წამოწყებულ ახალ პიარ-კამპანიასთან თუ სინამდვილეში რა ხდება. თქვენც შეამჩნევდით, ალბათ – ბოლო დღეების განმავლობაში, გააქტიურდა საინფორმაციო მხარდაჭერა, რომ კრიმინალი გაიზარდა ჩვენს ქვეყანაში და არ მგონია, ბოლო დღეებში ისე გაზრდილიყოს, რომ მაინცდამაინც ახლა გამხდარიყო საჭირო ამის განსაკუთრებული აფიშირება. მაგრამ ასე მოხდა – საინფორმაციო მხარდაჭერა გაქვთ – გილოცავთ. თუმცა, საინფორმაციო მხარდაჭერა ადამიანებს, რომლებიც დღეს დანაშაულის დაფარვაზე საუბრობდით, მათ ოჯახებს არ ჰქონდათ მაშინ, როდესაც დანაშაულს კი არა, გვამებს მალავდით და სახურავებზე აგდებდით. ეს ისე, გახსენებისთვის. ძალიან არ გსიამოვნებთ, მაგრამ ეს ასეა.
ახლა, რაც შეეხება იმ რეალობას, რაც გვაქვს. როგორც ჩანს, აღრიცხვასთან დაკავშირებული საკითხი ვერ გაითავისეთ, ან ასე გაწყობთ და არ გაითავისეთ. მე ძალიან მოკლედ გეტყვით, როგორ შეიძლება, ორ პოლიციის განყოფილებაში სხვაგვარად მოხდეს აღრიცხვა მარტივად – ამაზე მარტივად აღარ შეიძლება. დავუშვათ, ერთში მივიდა ათი ადამიანი, რომელმაც, ვთვათ, თქვა, რომ დაკარგა მობილური ტელეფონი; მეორე ათმა იგივე განყოფილებაში თქვა, რომ მოიპარეს მობილური ტელეფონი. იგივე მოხდა მეორე განყოფილებაშიც – ათმა თქვა, რომ დაკარგა, ათმა კი მოპარეს. პირველ განყოფილებაში ვისაც მოპარეს, იმას უთხრეს – მოდით, დაწერეთ, რომ დაკარგეთ და თუ რაღაც კვალზე გავალთ, შემდეგ დავიწყებთ გამოძიებას. დაკარგვასთან დაკავშირებით ხომ საერთოდ არ დაიწყეს გამოძიება. მეორე განყოფილებაში მოპარვაზე პატიოსნად დაიწყეს გამოძიება და იმ დაკარგულზეც უთხრეს, რომ იქნებ იყოს დანაშაული და, მოდით, დავიწყოთ გამოძიება. საბოლოოდ, აღმოჩნდება, რომ პირველ განყოფილებას აქვს ნული დანაშაული, მეორეს კი – ოცი. ეს არის განსხვავება, როდესაც პატიოსნად აღრიცხავ. შესაძლებელია, იყოს ათიც, რომ, უბრალოდ, სტატისტიკურად, როგორც გეუბნებიან, ისე აღარ იაზროვნო მეტი და, ამ შემთხვევაში, გექნება ათი. ეს არის მარტივად გასაგები ამბავი, რომელიც ვიღაცებს არ სჭირდებათ და არ უნდათ.

შემდეგი საკითხი: რა არის იმაში გაუგებარი, რომ, მაგალითად, ოჯახში ძალადობა, მუქარა, ნივთის დაზიანება, ადევნება – ეს ის დანაშაულებებია, რომელზეც, რა თქმა უნდა, მომართვიანობამ იმატა. კრიმინალიზაცია მოხდა კონკრეტული ფაქტების და, შესაბამისად, სტატისტიკა არის გაზრდილი -რიგ შემთხვევებში გაექვსმაგებულია იმიტომ, რომ საერთოდ არ იყო დანაშაული, მუქარაზე არავინ მიდიოდა პოლიციაში და ა.შ. რა არის გაურკვეველი იმაში, რომ, მაგალითად, განზრახ მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებაში ფაქტებზე არის შემცირება. ესეც ხომ უნდა ვთქვათ ობიექტურობისთვის. რაღაც ობიექტური ხომ შეიძლება, ვთქვათ. ყაჩაღობის ფაქტები შემცირებულია, სხეულის განზრახ დაზიანების ფაქტებია შემცირებული, ანუ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ხშირ შემთხვევაში, არის შემცირებული. სწორი აღრიცხვა უზრუნველყოფს იმას, რომ, საბოლოოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, სამართალდამცავები კონკრეტულ შედეგამდე გავიდნენ, რომ, სწორი აღრიცხვის შემთხვევაში, მოგვეცეს სწორი ანალიზის საშუალება და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ მხარდამჭერები ამისი. ობიექტურად ისიც უნდა ითქვას, რომ ქურდობის ფაქტები არის გახშირებული არა ისე, როგორც თქვენი საინფორმაციო საშუალებები და თქვენ გადმოსცემთ. ქალბატონო ირმა, როდესაც საუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ, თებერვლის თვეში, ამ დღეს ესა და ეს დანაშაული მოხდა – ასე ხდება მთელს მსოფლიოში. ახლა რომ ჩამოვთვალოთ, ყველაზე უსაფრთხო ქალაქში რამდენი დანაშაული მოხდა კონკრეტულ დღეს, შევქმნით კატასტროფას;თუმცა, გასაგებია – ეს არის თქვენი მიზანი. მე უფრო მეტიც შემიძლია გითხრათ, დღეში ოთხმოცი დანაშაული, საშუალოდ, ოთხმოცდაათამდე დანაშაული, თებერვლის თვე, 8 მკვლელობა, 6 გაუპატიურება, 31 ყაჩაღობა, 852 ქურდობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული 1154, ეს არის თებერვლის სტატისტიკა, ოღონდ 2011 წლის და ამით რა დასკვნამდე მივდივართ? უარესი თუ უკეთესი მდგომარეობა გვქონდა? ხალხს ვზაფრავთ და კიდევ უფრო ხელს რითი ვუწყობთ იცით, დანაშაულის გავრცელებას? ლაპარაკობთ იმაზე რა დანაშაული მოხდა, რაც, სამწუხაროდ, ყველგან ხდება, მაგრამ არ ლაპარაკობთ იმაზე, რა ღონისძიებები გატარდა ამასთან დაკავშირებით. გაიხსნა თუ არა დანაშაული. ქალბატონო ირმა, თქვენ რაც ჩამოთვალეთ ამ დანაშაულებებიდან დიდი პროცენტი გაიხსნა. ეს არის ხელშეწყობა და არა პრევენციისათვის ერთი სიტყვის თქმა მაინც. რეალურად, ჩვენ მხარს ვუჭერთ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილ რეფორმებს, გამომდინარე იქიდან, რომ ვერ მოვასწრებ დროში, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი რეფორმა მისაღებია კრიტიკას არ იმსახურებს, ვერც ბედავს ვერავინ, იმიტომ რომ სწორია ეს რეფორმები“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.
მამუკა მდინარაძემ საგამოძიებო ორგანოებში გატარებულ რეფორმაზეც ისაუბრა. მისი თმქით, ძალიან მნიშვნელოვანია ის ნაბიჯი, რომ გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებები გაიმიჯნა.
„მე, განსაკუთრებით, დროის სიმცირის გამო, გამოვყოფდი მხოლოდდამხოლოდ საგამოძიებო ორგანოების გამომძიებლის უფლებამოსილების გამიჯვნას პროკურორის უფლებამოსილებისგან. სულ ვამბობდი მე პირადად და ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ამ სფეროში გათვითცნობიერებულია, რომ გამოძიების და გამომძიებლის კომპეტენცია არის ერთ-ერთი ქვაკუთხედი, რომ გაიზარდოს გახსნის მაჩვენებელი, რომ სწორ გზაზე დავდგეთ და დანაშაულის პრევენცია უფრო პროფესიონალურ დონეზე მოვახდინოთ. ვენეციის კომისიამ ამაზე დადებითი დასკვნა უკვე დადო. ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებითაც დადებითი ტენდენციები. გვაქვს , რა თქმა აუნდა, გამოწვევები, განსაკუთრებით – ეკონომიკურ დანაშაულთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, რომ სწორი პოზიციებით, რაც ჩვენ გვაქვს დღეის მდგომარეობით, სწორი მიდგომებით, სწორი რეფორმატორული აზროვნებით, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს და მის ხელმძღვანელს აქვს და პრემიერს აქვს ამასთან დაკავშირებით, ამ მიდგომებით ჩვენ გავაუმჯობესებთ აღრიცხვასაც, გავაუმჯობესებთ მდგომარეობასაც, რასაც კრიმინალთან ბრძოლა ჰქვია.
შესაბამისად, თქვენი მიზანი დღეს არ იყო, თქვენ თვითონ აღიარეთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ მივმართავ; არ იყო დღეს პასუხების მოსმენა და რეალობის აღქმა და, რა თქმა უნდა, ამის გადაცემაზე საზოგადოებისათვის ხომ საუბარი ზედმეტია. თქვენი მიზანია პოლიტიკური განცხადებების კეთება, სადაც ყოველ მეხუთე, მეექვსე წინადადებაში აუცილებლად უნდა ახსენოთ ბიძინა ივანიშვილი. ეს თუ გამოგრჩათ, მერე თქვენი ლიდერი რას იზამს, ნამდვილად რა ვიცი – შეიძლება, გაგიჟდეს და თქვენ ამას ვეღარ გადაიტანთ;მაგრამ, რეალურად, თქვენ საქმეზე აღარასდროს აღარ ლაპარაკობთ, იმიტომ, რომ საქმეზე ლაპარაკის დროს უტრირებთ იმიტომ, რომ ხელს უწყობთ დანაშაულს თქვენი ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებებით, როდესაც საუბრობდით იმაზე, რა მოხდა და რა რეაგირება მოყვა, ამაზე არ საუბრობთ. მე მოგიწოდებთ, რომ ცოტა მაინც დაიცვათ ობიექტურობა. ეს თქვენ ამომრჩევლებთან მაინც გამოგადგებათ და სუბიექტური ინტერესი მაინც იქნებ იყოს თქვენი ქმედების განმსაზღვრელი“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი