დიმიტრი ხუნდაძე: მაშინ ხალხს ატყუებდნენ, რომ ყველაფერი კარგად იყო; ახლა ატყუებენ, რომ ყველაფერი არის ძალიან ცუდად

0

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე, დღეს, პარლამენტში პრემიერის ვიზიტს ეხმაურება და ოპოზიციის გამოსვლებზე კომენტარს აკეთებს.
მისი შეფასებით, “ნაცმოძრაობა” ტყუილების პოლიტიკიდან ვერ გამოვიდა.
“თავიანთი მმართველობის პერიოდში, საზოგადოებას ატყუებდნენ, რომ ყველაფერი იყო კარგად. ახლა კი ატყუებენ, რომ ყველაფერი არის ძალიან ცუდად. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღეს ისევ “ნაცმოძრაობის” გამოსვლებზე გვიწევს კომენტარის გაკეთება. კრიმინალი მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ კრიმინალზე უნდა საუბრობდეს ის, ვინც იცის კრიმინალთან ბრძოლის სწორი წესები. “ნაცმოძრაობა”, ამ მხრივ, მაგალითად ვერ გამოდგება. მათი მეთოდი, რომ დანაშაული დანაშაულით უნდა აღკვეთო, არასწორია. ძალადობა კვლავ ძალადობას წარმოშობს. მათ პერიოდში, ქუჩაში ახალგაზრდების დახვრეტას ეფექტური მმართველობა ერქვა. დღეს კი, ზოგიერთი მათგანი კანონის დაცვას „უნიათობას” ეძახის.
კრიმინალი რომ დღესაც არის, ამაზე არავინ დაობს. მაგრამ განსხვავება ის არის, რომ, ჩვენი მმართველობის პერიოდში, გაიზარდა პოლიციისადმი მიმართვიანობის ფაქტები. დაემატა ისეთი დასჯადი დანაშაულებები, რომელიც მანამდე რეაგირების მიღმა რჩებოდა. მაგალითად, ოჯახური ძალადობა. დღეს, ამ დანაშაულისთვის 600-ზე მეტი ადამიანი იხდის სასჯელს. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს დანაშაულის სტატისტიკაზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ არც ისე ცუდადაა საქმე, როგორც ეს საზოგადოებას მიეწოდება. უნდა გაგრძელდეს დანაშაულთან ბრძოლა წესების დაცვით და არა ისე, როგორც ხდებოდა მანამდე”,- აღნიშნა ხუნდაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტები ყველანაირად ცდილობენ, საზოგადოება ნეგატიურ ინფორმაციაში გახვიონ.
„ყოველ დღეს, საინფორმაციო საშუალებებით ნაკადად მოედინება ნეგატივი კრიმინალზე, მაშინ, როდესაც, მათ პერიოდში, გაცილებით მეტი დანაშაულის პირობებში ამის მეათედიც კი არ მიეწოდებოდა ხალხს. ნაცმოძრაობის წევრები მაშინ ხალხს ატყუებდნენ, რომ ყველაფერი კარგად იყო. ახლა კი ატყუებენ, რომ ყველაფერი არის ძალიან ცუდად. ისინი დღემდე ტყუილების პოლიტიკიდან ვერ გამოვიდნენ და, როგორც ჩანს, მომავალშიც ასე გააგრძელებენ”,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი