მანანა დუმბაძის მოთხრობა ისრაელურ ლიტერატურულ ჟურნალში დაიბეჭდა

ისრაელის ქალთა ორგანიზაციის, „ბათ ამის“ ინიციატივით, ქ. ბათ-იამის „ეშკოლ პაისის“ აუდიტორიაში, საქართველოს საელჩოს მრჩევლის, მანანა დუმბაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ისრაელის ლიტერატურულ ჟურნალ „იტონ 77“-ში მანანა დუმბაძის მოთხრობა „კაპროვანის ზონის ლედი მაკბეტის“ პუბლიკაცია ებრაულ ენაზე გამოქვეყნდა. მთარგმნელი – ანა კოლი, ტექსტის რედაქტორი – ისრაელელი პოეტი ლალი ციპი მიხაელი.
ხსენებული ჟურნალის ამ გამოცემას განსაკუთრებული სტატია მიუძღვნა ისრაელურმა გაზეთმა „ჰაარეცმა“, რომელშიც მანანა დუმბაძის მოთხრობასაც თვალსაჩინო ადგილი დაეთმო.
შემოქმედებით საღამოზე ეს მოთხრობა ქართველ ებრაელთა თემს წარედგინა. საღამოს უძღვებოდნენ „ბათ ამის“ პრეზიდენტი, ლია კრიხელი და პოეტ ნუგზარ ჯანაშვილი.
საღამოს ესწრებოდა და საზოგადოებას სიტყვით მიესალმა ქართველი ებრაელი მწერალი, ჟურნალ „მენორას“ რედაქტორი, დრამატურგი გურამ ბათიაშვილი.
მანანა დუმბაძემ აუდიტორიას მოთხრობიდან საკვანძო ნაწყვეტები წაუკითხა, მსახიობმა მეგი რომმა კი ეს ნაწყვეტები ებრაულ ენაზე ააჟღერა. ისრაელში ქართული დიასპორული ორგანიზაციის „მამული“ და პირველი ქართული საკვირაო სკოლის დამაარსებელმა, ირაკლი კილაძემ მანანა დუმბაძეს, ქართული დიასპორის აქტიური მხარდაჭერისთვის, დიასპორის ნომრით პირველი სიგელი გადასცა. პოპულარულმა ისრაელელმა კომპოზიტორმა ალექსანდრე პელეგმა საღამო თავის მშვენიერი კომპოზიციებით გაათბო და სრულიად აუდიტორია აამღერა. საქართველოს საელჩო ულოცავს ქალბატონ მანანას ისრაელის ლიტერატურულ სამყაროსთან დაწყებულ წარმატებულ თანამშრომლობასა და მომავალ გამარჯვებებს უსურვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები