თურქეთში მოწამლული ნიკოლოზ ჯანელიძე თურქეთიდან საქართველოში გადმოიყვანეს
თურქეთში ახალი წლის ღამეს მოწამლული, აბაშის რაიონის მკვიდრი ნიკოლოზ ჯანელიძე სარფის საბაჟოს გავლით გადმოიყვანეს. საბაჟოსთან ჯანელიძეს სამეგრელოს ვიცე-გუბერნატორი კობა ქანთარია და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი დახვდნენ. თურქეთიდან სარფის საბაჟომდე მძიმე ავადმყოფის ტრანსპორტირება თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულომ უზრუნველყო.
სარფის საბაჟოდან ავადმყოფი, რომელიც ჯერ კიდევ კომატოზურ მდგომარეობაშია, ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების განცხადებით ჯანელიძის მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა და ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
“ავადმყოფის გადმოყვანაში დაგვეხმარა საქართველოს კონსული თურქეთში და რა თქმა უნდა ჯანდაცვის სამინისტრო. მათი დახმარებით გამოიყო რეანომობილი, რომელიც უზრუნველყოფს ავადმყოფის ტრანსპორტირება. იგი ამჟამად მოთავსებულია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ავადმყოფი ჯერ კიდევ კომატოზურ მდგომარეობაშია და ის მიერთებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. ჯერჯერობით ავადმყოფი ამავე საავადმყოფოში გააგრძელებს მკურნალობას”–აცხადებს smo.ge-სთან საუბარში სამეგრელოს ვიცე–გუბერნატორი კობა ქანთარია.
უბედური შემთხვევა 31 დეკებერს თურქეთის ქალაქ გებზეში მოხდა. ერთ-ერთი საწარმოს შვიდმა თანამშრომელმა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, კუსტარულად დაამზადეს ალკოჰოლური სასმელი, რამაც მწვავე ინტოქსიკაცია გამოიწვია. უბედური შემთხვევის შედეგად ხუთი ქართველი გარდაიცვალა.