ზაქარია ქუცნაშვილი: ჩვენ ირიბი მტკიცებულებები გავაუქმეთ; თქვენ კი, მონაჭორითა და გაგონილით, ადამიანს თავისუფლებას ართმევდით

„ჩვენ ირიბი მტკიცებულებები გავაუქმეთ; თქვენ კი ირიბი მტკიცებულებებით, მონაჭორითა და გაგონილით, ადამიანს თავისუფლებას ართმევდით“, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა ოპოზიციას. ზაქარია ქუცნაშვილმა თეა წულუკიანის მინისტრობის დროს მიღებულ მნიშვნელოვან კანონებზეც ისაუბრა, რომლებიც ჩამოთვალა. ამასთან, ოპოზიციურ დეპუტატებს წარსული გაახსენა და ყოფილი ხელისუფლების სისტემურ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. „თქვენ იცით, რომ სისტემური პრობლემა გვქონდა პენიტენციურ სისტემაში – ციხეში ძალადობა იყო ნორმა. სოზარ სუბარმა, კახი კახიშვილმა და, ახლა უკვე, თეა წულუკიანმა, შეძლეს ის, რომ ეს ნორმა არის გამონაკლისი და თუ რაღაცა მოხდება, შეიძლება მოხდეს, გამონაკლისის წესითა და არა ნორმის სახით. ნორმა იყო წინასწარი დაკავების საკნებში, პოლიციის განყოფილებებში დაკითხვისას წამება და ხალხის ცემა. მივიღეთ სპეციალური კანონი, რითაც მივანიჭეთ ჩვენს მოქალაქეებს უფლება, რომ ჩვენება მივცეთ მოსამართლის თანდასწრებით, რამაც ეს ნორმა გააუქმა და დღეს ვერ მოიყვანთ მაგალითს, იშვიათი გამონაკლისების გარდა, რომ ამ სისტემურმა დანაშაულმა სადმე იჩინოს თავი. თქვენ იცით, რომ მთავარი ადამიანი, ვინც იცავს ჩვენი მოქალაქეების უფლებებს – ადვოკატი, თავად იყო დაუცველი. ადვოკატს უფლება არ ჰქონდა, გაცნობოდა მტკიცებულებებს სასამართლო სხდომამდე. ჩვენ მივიღეთ სპეციალური კანონი, რის მიხედვითაც თუ ადვოკატს არ გადაეცემა მტკიცებულებები სასამართლო სხდომამდე, მტკიცებულება ეგრევე მიიჩნევა დაუშვებლად. ადვოკატის უფლებების გაძლიერებისათვის, მივიღეთ სპეციალური კანონი, რითაც მოსამართლე დავავალდებულეთ, რომ ადვოკატის წარდგენილ მტკიცებულებას თუ მას დაუშვებლად მიაჩნია, დაასაბუთოს ეს, რატომ არის დაუშვებელი. მივიღეთ კანონი, რომლის მიხედვითაც სასამართლო სხდომის ოქმი უნდა შეესაბამებოდეს სასამართლო სტენოგრამის ჩანაწერს და იქ დამახინჯება მიიჩნევა სისხლის სამართლის დანაშაულად. სასამართლო სხდომის ოქმი, როგორც მთავარი მტკიცებულება მოწმეთა მიერ ჩვენების მიცემისა, გახდა დაცული დოკუმენტი, რომელსაც საერთოდ არ ჰქონდა არანაირი იურიდიული ძალა წინა ხელისუფლების დროს. ჩვენ მივიღეთ კანონი – ირიბი მტკიცებულება, ანუ ირიბი ჩვენება რა იყო ? რომ გავიგე, რომ იმან ეს დანაშაული ჩაიდინა; გავიგე რომ იმან ის მოკლა, ირიბი მტკიცებულება საერთოდ გავაუქმეთ. ირიბი მტკიცებულებით იჭერდით თქვენ ადამიანებს და ამწესებდით ციხეში, როცა ვიღაცის მონაჭორსა და გაგონილზე ადამიანს თავისუფლებას ართმევდით. მთლიანად გავხსენით სასამართლო იმისათვის, რომ თავად მოქალაქეებს, ადვოკატებს, დაზარალებულებს, დაინტერესებულ საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება, განსაჯოს, როგორ მიდის პროცესი“, -განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
დეპუტატმა გაიხსენა საპროცესო შეთანხმებების ის მავნე პრაქტიკა, რომლის გამოც, ყოველწლიურად, ხდებოდა დაახლოებით 90 მილიონის ამოღება მოქალაქეთა ჯიბეებიდან. ,,ჩვენ მივიღეთ კანონი და დაზარალებულს მივანიჭეთ უფლება, რომ საპროცესო შეთანხმება – გარიგება ბრალის თაობაზე ბრალდებულსა და პროკურატურას შორის ვეღარ შედგება დაზარალებულის თანხმობის გარეშე. ამ დროს, ჩვენ უამრავი შემთხვევა გვახსოვს – 90 მილიონს ართმევდნენ მოქალაქეებს, ლამის, ყოველწლიურად – ამ საპროცესო გარიგების დადებისას. თანხა ამოქონდათ მოქალაქეების ჯიბეებიდან”,- აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები