თეა წულუკიანი ჭიაბერაშვილზე თავდასხმის ფაქტს კატეგორიულად გმობს
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორისი კომისის თავმჯდომარე თეა წულუკიანი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ წევრზე – ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და მომხდარს კატეგორიულად გმობს. წულუკიანი სამართალდამცავ ორგანოებს აღნიშნულ ფაქტზე სწრაფი და ეფექტური რეაგირებისაკენ მოუწოდებს. მისივე განცხადებით, ზურაბ ჭიაბერაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საკითხი კომისიის 29 მაისის სხდომაზე განსაკუთრებული განხილვის საგანი იქნება.
“თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორისი კომისიის თავმჯდომარის განცხადება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორისი კომისიის თავმჯდომარე კატეგორიულად გმობს საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელზე განხორციელებულ თავდასხმას და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს აღნიშნულ ფაქტზე სწრაფი და ეფექტური რეაგირებისაკენ. უწყებათშორისი კომისია კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, აკისრია რა პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას, კიდევ ერთხელ შეახსენებს არჩევნებში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო სუბიექტებს კომისიის მიერ გამოცემულ რეკომენდაციებს და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, უზრუნველყონ შიდაპარტიული დისციპლინა და კანონმორჩილება. არავის უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ფიზიკური ანგარიშსწორების გზით ზეგავლენა მოახდინოს მშვიდობიან და თანასწორუფლებიან გარემოზე, რაც სამართლიანი არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. ზურაბ ჭიაბერაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საკითხი კომისიის 29 მაისის სხდომაზე განსაკუთრებული განხილვის საგანი იქნება“, -აღნიშნულია განცხადებაში.