ნინო სურგულაძის ტრიუმფი ბელგიის სამეფო თეატრის სცენაზე და მსოფლიო პრესის აღიარება (ვიდეო)
„ეს არის ფაქტი, თუ რატომ სურდა ვერდის თავდაპირველად თავისი ოპერისათვის „ამნერისის“ წოდება“, – ასეთ მნიშვნელოვან შეფასებას აქვეყნებს ცნობილი გერმანელი კრიტიკოსი, ბარბარა რიოდერი „აიდას“ პრემიერაში ნინო სურგულაძის ხილვის და მოსმენის შემდეგ.
მსოფლიო პრესა და კრიტიკა ერთხმად აღნიშნავს ნინო სურგულაძის დიდ წარმატებასა და მის გამორჩეულობას.
იმდენად ბუნებრივია კრიტიკოსების შეფასებები, რომ გასმენინებს მუსიკას, გასწრებს სპექტაკლს, გატარებს სიღრმეებში. იმდენად ხილულია მოქმედება, რომ ეხები ემოციას და თვალწინ წარმოგიდგება „ამნერისი” თავისი დიდი განცდებით.
მსოფლიო კრიტიკის შეფასებებს ყურს უგდებს და თვალს ადევნებს მსოფლიო საოპერო სამყარო, ისინი ქმნიან რეალურ განწყობას და აკეთებენ ხშირ შემთხვევაში პროფესიონალურ დასკვნებს.
ფრანგმა კრიტიკოსმა ჟაკ ოლბესმა, ნინო სურგულაძის ხმის განუმეორებელ ელფერს, ამნერისის პარტიის უბადლო შესრულებისთვის, მომღერლებს შორის „პირველობის პალმის“ წოდება თამამად მიაკუთვნა.
სულ ცოტა ხნის წინ, ბელგიის სამეფო თეატრში „აიდას“ პრემიერა შედგა. ნინო სურგულაძე მაყურებლისა და მსმენელის წინაშე „ამნერისის“ პარტიით წარდგა. ხუთმა საპრემიერო სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა.
„აიდას“ დამდგმელი რეჟისორი გამოცდილი და ცნობილი სტეფანო მაცონისი და ქალი დირიჟორი, სპერანცა სკაპუჩი გახლდათ, ეს უკანასკნელი უდიდესი წარმატებით მოღვაწეობს მსოფლიოს წამყვან სცენებზე. გამოირჩევა დიდი მუსიკალური და არტისტული ტემპერამენტით, პროფესიონალიზმითა და შარმით. იგი „ვიტორიო დე სიკა“ – მუსიკისათვის 2017 წელს, იღებს პრემიას სხვა დიდი კინოსა და ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლების გვერდით, სპერანცა სკაპუჩიმ იმავე წელს იდირიჟორა ვენის „ოპერნ ბალზე“ ცნობილ ტენორ იონას კაუფმანის მონაწილეობით.
დადგმაში მონაწილეობდა ლეგენდარული ტენორი მარჩელო ჯორდანი რადამესის პარტიით, რომელიც წლების მანძილზე ყველა დიდი თეატრის წამყვანი ტენორი იყო, მათ შორის ნამღერი აქვს ორასამდე სპექტაკლი „მეტროპოლიტენ“ ოპერაში. ხოლო „აიდას” პარტიას ამერიკელი (კუბური წარმოშობის) სოპრანო ელეინ ალვარესი ასრულებდა. ამ პარტიაში ეს მისთვის დებიუტი იყო.
ბოლო სპექტაკლი გადაცემულ იქნა, ცნობილი ინტერნეტ პორტალით „Kuktur Box“ პირდაპირი ეთერით franc TV -ის მონაწილეობით, რომელსაც მთელი მსოფლიოდან ადევნებდნენ თვალყურს ოპერის მოყვარულები, ასევე უახლოეს მომავალში გამოიცემა ამ დადგმის DVD ვერსია.
აღსანიშნავი და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ეს მოვლენა მუსიკალური კრიტიკოსების ყურადღების ქვეშ მოექცა და ბელგიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან და იტალიიდან უამრავი კრიტიკული და საინტერესო სტატია დაიწერა ცნობილ ინტერნეტ პორტალებსა თუ ჟურნალ-გაზეთებში.
თვალსაჩინოებისათვის გთავაზობთ ამონარიდებს კრიტიკული სტატიებიდან:
მარკ პულინგერი, Bachtrack
(დიდი ბრიტანეთი)
„ლიეჟის მომღერალთა შემადგენლობა ძალზე სოლიდური იყო. ყველას Maleficent-ში ანჯელინა ჯოლივით ჩაცმული ნინო სურგულაძის მაცდუნებელი ამნერისი აღემატებოდა. იგი ყველა სცენაში დომინირებდა და მისი მსუყე ხმა ძალზე მიმზიდველად ჟღერდა ამ პატარა თეატრში. მას მერე, რაც ქურუმებმა რადამესს განაჩენი გამოუტანეს, სურგულაძემ თავისი წყევლის წარმოთქმის წინ რამფისს კობრისთავიანი კვერთხი გამოგლიჯა ხელიდან, „anatema“ და „su voi“ სიტყვებს შორის ბოროტი პაუზა გააკეთა, ღრმად ჩასასუნთქა და დარბაზი ექსტაზში მოიყვანა მაღალი ნოტით.
ბარბარა რიოდერი, www.klassik.com
(გერმანია)
„ფაქტი, თუ რატომ სურდა ვერდის თავდაპირველად თავისი ოპერისათვის „ამნერისის” წოდება, გასაგები ხდება ნინო სურგულაძის შხამიანი, ეჭვიანობით მოცული ფარაონის ასულის ხილვის შემდეგ. სურგულაძე მღერის მუქი სპილენძისფერი მეცოთი და ამნერისს ღამის დედოფლად აქცევს, რომელიც მზადაა, ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი, გაიღოს რადამესისადმი საკუთარი ვნების განსახორციელებლად. როდესაც ამისგან არაფერი გამოდის, რადგან რადამესი აიდას აირჩევს, მასში თვალნათლივ იმარჯვებს ტანჯული, შურისძიებით აღსავსე მეტოქე. ნექტარივით ტემბრი სურგულაძეს დიდებული, დასამახსოვრებელი ხმა აქვს”.
ლუდვიგ ვან მეხელენი, Klassiek Centraal
(ჰოლანდია)
„ყველასაგან გამოირჩა და ყურადღება მიიტაცა ნინო სურგულაძის მიერ შესრულებულმა ამნერისმა. უმაღლესი კლასია, როცა ასეთი კარგად პროეცირებული, სავსე, თბილი, ღრმა და მაცდუნებელი ხმა გესმის მღეროდეს. ამას დაერთო სამსახიობო ტალანტიც, რომელიც მეტი იყო ვიდრე უბრალოდ როლის თამაში“.
მარკო რანალდი, Amadeus
(იტალია)
„ნინო სურგულაძე იყო ამნერისი უნაკლო თავის დომინანტურ როლში. ქართველმა მეცო-სოპრანომ თავი წარმოაჩინა, როგორც აუღებელმა ციხესიმაგრემ ორი შეყვარებულის (აიდასა და რადამესის) დრამატული ძალებისათვის. იგი იყო საუცხოო მათ შუა დგომაში, მაგრამ ოპერის დასასრულს, ორ ძლიერ გრძნობას შორის გახლეჩილი და საკუთარი შეყვარებულის გადარჩენაში სასოწარკვეთილი, როგორც კეთილი ანგელოზი გაჰყვა ორ მთავარ გმირს მათი ბედისწერისაკენ“.
ბენედიქტ ევრი, ResMusica
(საფრანგეთი)
„ამ განუხორციელებელ სასიყვარულო სამკუთხედში ქართველი ნინო სურგულაძის საუცხოო, შხამით აღსავსე და ფატალური ამნერისია, რომელიც მაყურებლის ყურადღებას ინარჩუნებს. ფუნჯის მოკლე მოსმით იგი ხატავს პორტრეტს რისხვით ტანჯული და მომაკვდინებელი ეჭვიანობით დასნეულებული ქალისა. თუკი დასაწყისში, აიდასთან “Vieni, o diletta” დუეტში მისი ტაქტიკა მოჩვენებით სიტკბოებაზე აგებული ღალატია, ბოლო აქტში, თავის მართლებაზე უარისმთქმელ რადამესთან დაპირისპირებისას იგი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ფეთქდება მთელი თავისი ძალზედ დამაჯერებელი მუსიკალურობითა და ნამდვილი ვერდის მეცო – სოპრანოს ხმით, რომელიც ერთდროულად მოქნილიცაა და ძალით აღსავსეც. ამ მომენტში როლის მისეული ხორცშესხმა გრანდიოზულ, ეპიკურ მასშტაბს აღწევს უბნელესი სასოწარკვეთილების და ტრაგიზმის მხრივ”.
ჟაკ ოლბე, ჟურნალი Crescendo
(საფრანგეთი)
„მომღერლებს შორის პირველობის პალმა ნინო სურგულაძეს (ამნერისს) ეკუთვნის, რადგან მან ბუნებრივად და ადვილად წარმოაჩინა თავისი რთული პერსონაჟის ხასიათის ყველა ასპექტი, დაწყებული მოსვენებადაკარგული შეყვარებულიდან და დამთავრებული შეუბრალებელი შურისმაძიებლით. მისი ტემბრი დიდებულია, სამსახიობო თამაში სოლიდური, როლის ფართო ტესიტურა სრულყოფილად გაკონტროლებული. ერთი სიტყვით, ერთი სიამოვნებაა!“
Alma Torretta, giornale della musica
(იტალია)
„უნაკლო იყო ქართველი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე როგორც ამნერისი, ასევე თავისი ხანგრძლივი გამოცდილების გამო, როგორც ფარაონის ქალიშვილი, მისი შესრულება მაგისტრალური იყო“.
ველრი კოლინ L’Echo
(ბელგია)
„დაუნდობელი ამნერისი, ნინო სურგულაძე ამჟღავნებს თითქმის ვაგნერიანულ განრისხებას და ამით ხანდახან პარავს ყურადღების ცენტრს მთავარი პარტიის შემსრულებელს”.
https://brf.be/ ჰანს რეულ
BRF ბელგიური რადიო გერმანულენოვანთათვის
„ბრწყინავდა ლამაზი და დიდი მეცო-სოპრანოს ხმით ნინო სურგულაძე, აიდას მეტოქის ამნერისის პარტიაში“.
დომინიკ ჰელენ ლიმერი
(ბელგია)
„ნინო სურგულაძემ იმღერა ამნერისი, ფარაონის ლამაზად შემოსილი მაგრამ ცბიერი ასული, განუმეორებელი თეატრალურობითა და სიყვარულის, ეჭვიანობის, სიძულვილის, რისხვისა და ტანჯვის თითოეული სპაზმის გულდასმით ინტერპრეტაციით. პუბლიკას შესაძლებლობა ჰქონდა ჭეშმარიტი სილამაზისა და სიამოვნების არაერთი მომენტი განეცადა.”
გაელ მიური
გამომცემლობა:Le Soir
(საფრანგეთი, ბელგია)
„მრისხანებით აღსავსე მზერით, ქართველი ნინო სურულაძე განასახიერებს ცეცხლოვან, ტემპერამენტიან ამნერისს; ამ თვისებებით მან უკვე მოახდინა დიდი შთაბეჭდილება გასულ სეზონში, ლიეჟში კარმენის ინტერპრეტაციისას“.
ლეშეკ ბერნატი
Maestro
(პოლონეთი)
„ღირსეული მეტოქეობა გაუწია მას ქართველმა მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძემ, რომელმაც მსმენელი მოაჯადოვა ძლიერი და მუქი ხმით და ამით ეფექტურად გაუსვა ხაზი ეჭვიანი ამნერისის მძვინვარე ბუნებას“.
როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, ვერდის ამ ოპერას უნდა ერქვას „ამნერისი“, რადგან, ეგვიპტის ფარაონის ასული ასრულებს ამ ოპერის ყველაზე დრამატულ სცენებს. ეს ურთულესი პარტია „ნინო სურგულაძემ“ დიდებულად შეასრულა. მის ბიოგრაფიაში სწორედ ასეთი რთულად შესასრულებელი პარტიებია თავმოყრილი, რომელიც მაყურებლისთვის და საოპერო ხელოვნების განსაკუთრებული მოყვარულთათვის უდიდეს სიამოვნებადაა ქცეული.