„სამოქალაქო ავიაციის სააგენტო“ გიორგი კოდუას პასუხობს
„სამოქალაქო ავიაციის სააგენტო“ ეხმაურება „ეარ კავკასუსის“ დირექტორის და თანამფლობელის გიორგი კოდუას მიერ, მთავრობისადმი გაკეთებულ სპეციალურ მიმართვაში სააგენტოს მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაცია ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ფრენის უსაფრთხოების წესები არ და ვერ შეიცვლება, ქვეყანაში ხელისუფლებების ცვლის მიუხედავად და ავიასაწრმოების კომერციული ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით.
„სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ახორციელებს ფრენის უსაფრთხოების მუდმივ ზედამხედველობასა და კონტროლს და გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს მხოლოდ შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე. რაც შეეხება, „ეარ კავკასუსისათვის“ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაუქმების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, ის ეფუძნება „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესს“, რომლის თანახმად, სერტიფიკატის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ საჰაერო ხომალდების არ ქონა, რომელიც თავის მხრივ, არის სერტიფიკატის ფლობის ერთ–ერთი აუცილებელ პირობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, „ეარ კავკასუსის“ ექსპლუატაციაში მყოფ ორივე საჰაერო ხომალდთან დაკავშირებული ლიზინგის ხელშეკრულება შეწყდა მესაკუთრის – “Swift Aircargo Private Limited” LTD-ის მოთხოვნით.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სააგენტოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, თუ მხარე მას არ ეთანხმება, შესაძლებელია გასაჩივრებულ იქნას როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, ასევე სასამართლოში, რაც განხორცილდა კიდეც კომპანიის წარმომადგენლის მიერ.
აქვე, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაუქმების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცესის დასრულებამდე, საქართელოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თავს იკავებს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ვრცელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, კომპანია „ეარ კავკასუსის“ იმიჯის და მისი საინვესტიციო მიმზიდველობის შესაძლო შელახვის თავიდან აცილების მიზნით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ავიაკომპანია “ეარ კავკასუსის” პრეზიდენტი გიორგი კოდუა გაუქმებული კომპანიის აღდგენას და ხელისუფლებისაგან მხარდაჭერას ითხოვს. კოდუას განცხადებით, წინა ხელისუფლებამ მის კომპანიას ლიცენზია ჩამოართვა და ავიაკომპანია გააუქმა. კოდუას თქმით, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, კომპანიის აღსადგენად მუშაობა დაიწყო და ბოლო ერთი წლის განმავლობაში სინგაპურულ კომპანიებთან ერთად “ევრაზია აიერლაინთან” და A-Sonic-თან ერთად კომპანიის აღსადგენად ინვესტიციები განახორციელა.
როგორც კოდუა აცხადებს, ახლახანს კომპანიას სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ჯერ ლიცენზია შეუჩერა, შემდეგ კი მთლიანად კომპანიის გაუქმებას მოაწერა ხელი. გიორგი კოდუას თქმით, ამ ფაქტთან დაკავშირებით 10 დღის წინ მან საჩივრით მიმართა ეკონომიკის სამინისტროს. კოდუა პრემიერ-მინისტრსა და ეკონომიკის მინისტრს მიმართავს და ქართველი ბიზნესმენების მხარდაჭერასა და დაცვას ითხოვს.