ანა დოლიძე: მოსამართლეთა კლანი და კობახიძე არც კი უშვებენ, რომ ერთი დამოუკიდებელი პიროვნება შეფრინდეს საპარლამენტო სიაში

“არც კი უშვებს მოსამართლეთა კლანი და ირაკლი კობახიძე, ერთი დამოუკიდებელი პიროვნებაც კი შეფრინდეს საპარლამენტო სიაში”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დოლიძე მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, ეკა ბესელიას კანონპროექტებს გამოეხმაურა. როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, ირაკლი კობახიძის კანონპროექტის ვერსია ე.წ მოსამართლეთა კლანის ვერსიაა.
„სამწუხაროდ, ჩვენს მოთხოვნებსა და სასამართლოში დამოუკიდებელი მოსამართლეების მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს არც კობახიძის და არც ბესელიას ინიციატივა. სხვაობა ისაა, რომ, რა თქმა უნდა, ფურცელზე დაჯღაბნილ სიას, რაც წარმოადგინა მიქაუტაძემ დეკემბერში, სჯობს ის პროცედურები, რომლებიც გვექნება. ორივე ინიციატივაში არის კონკურსი, სამუშაო ჯგუფი. მაგრამ, კობახიძის ვერსია არის კლანის ვერსია, ძირითადად, ორი მიზეზით: ისეთი პირობა წერია კრიტერიუმებში, რომ კანდიდატურების შერჩევა პირდაპირ არის მიბმული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებაზე. ადამიანს ან ჩაბარებული უნდა ჰქონდეს – ანუ წინაპირობებში ჰქონდეს ნაფიქრი, რომ უნდა იყოს მოსამართლე – ან, როცა კონკურსი გამოცხადდება, სასწრაფოდ უნდა გაქანდეს, მოემზადოს, ჩააბაროს გამოცდა. საიდუმლოა, ვინ ამოწმებს და ადგენს ამ გამოცდებს. ვინც საკუთარ თავს პატივს სცემს – მაღალი კალიბრის იურისტი – რომელი გააკეთებს, ან მოახერხებს ამას, ჯერ გამოხატოს სურვილი, რომ კონკურსი გაიაროს, მერე სასწრაფოდ, ერთ თვეში, დაჯდეს და გამოცდა ჩააბაროს. ვინ წერს ამ გამოცდას, როგორ ბარდება და რამდენი კითხვაა ამ გამოცდასთან დაკავშირებით, ტესტების სკანდალიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი გვახსოვს. მეორე, მთავარი – რატომ არის კობახიძის ვერსია კლანის ვერსია – იმიტომ, რომ ის ინარჩუნებს 2/3-ით გადაწყვეტილების მიღების პროცესს იუსტიის საბჭოში. ანუ, დღეს როგორც დაინიშნა ყველა პრობლემური მოსამართლე უვადოდ სასამართლოში, ზუსტად ამ მოდელს ინარჩეუნებს ირაკლი კობახიძე . არც კი უშვებს კლანი და ირაკლი კობახიძე, ერთი დამოუკიდებელი პიროვნებაც კი შეფრინდეს საპარლამენტო სიაში.
ეკა ბესელიას ინიციატივაში ძალიან ბევრი კარგი ინიციატივაა , მათ შორის – ბევრი გადაღებული ჩემი და ნაზის კანონპროექტიდან. მაგრამ მთავარი პრობლემა აქაც იყო რა – ხმები, რომელიც ჩადებულია, 2/3 მოსმართლეების ხმებია და 2/3 არამოსამართლე წევრების. ანუ, 6 ვართ არამოსამართლე წევრი. 4 ხმა საკმარისია, რომ კანდიდატურა წავიდეს იუსტიციის საბჭოდან, ოღონდ ჩემი და ნაზი ჯანეზაშვილის ხმა არ იყოს საჭირო. მითხარით, თუ იცით სხვა რომელიმე არამოსამართლე წევრის პრინციპული და კრიტიკული პოზიცია სასამართლოსთან დაკავშირებით? ხმა არ ამოუღია არავის იმიტომ, რომ ისინი ან არიან გარიგებაში, ან, შესაძლებელია, იყვნენ გარიგებაში“, – განაცხადა დოლიძემ.
ანა დოლიძე პროცესში ვენეციის კომისიის ჩართულობასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კომისიის რჩევები ადგილობრივი კონტექსტის შესაბამისად უნდა იქნას მიღებული.
„ძალიან სერიოზული დასკვნა გამოვიტანეთ ვენეციის კომისიის მუშაობიდან სასამრთოლოსთან მიმართებით. ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ იუსტიციის საბჭოს წარედგინა კანდიდატები და პრეზიდენტი ჩამოშორებულიყო ამ პროცესს. მათი რეკომენდაცია იყო უვადოდ დანიშვნებიც. ორივე შემთხვევაში, ვნახეთ, რომ ძალიან დიდი პრობლემები შექმნა ამ რეკომენდაციებმა. ვენეციის კომისიის რეკომენდაციას უნდა შევხედოთ როგორც წყაროს, რომელიც გადმოგცემს საერთაშორისო პრინციპებს; მაგრამ უკვე ჩვენი საქმეა, ეს პრინციპები ადგილობრივ კონტექტსს მივუსადაგოთ. ეს რჩევები კონტექსტის შესაბამისად უნდა მივიღოთ“, – განაცხადა დოლიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები