დღეს, პარლამენტში თეა წულუკიანს მოუსმენენ

0
დღეს, პარლამენტში, მინისტრის საათის ფარგლებში, მოხსენებით იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი წარდგება. საკანონმდებლო ორგანოში მინისტრი ყურადღებას სისტემაში გახორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილებს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობას მინისტრთან მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით ექნება კითხვები. როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, ახალი რეგლამენტის ფარგლებში, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა.
“ქალბატონ თეასთან გვექნება უამრავი კითხვა, მათ შორის – მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით, უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
იუსტიციის მინისტრის მიმართ კითხვები ექნება საპარლამენტო ოპოზიციასაც. მათი კითხვები სასამართლო ხელისუფლების რეფორმასა და გახმაურებულ სამართლებრივ საქმეებს შეეხებათ.
მიმდინარე კვირას, პარლამენტარები კიდევ ორ მინისტრს მოუსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს ელოდებიან. კვირის ბოლოს კი, პარლამენტში პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე გამოვა სიტყვით.

კომენტარები

კომენტარი