“გამომძიებელი პასუხისმგებელი იქნება გამოძიების დამოუკიდებლად ჩატარებაზე, ხოლო პროკურორი – სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება-არდაწყებაზე”

0

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა სატელევიზიო ეთერში ვენეციის კომისიის დასკვნაზე ისაუბრა, სადაც პოზიტიურად არის შეფასებული მიმდინარე რეფორმა, რომელიც, საკანონმდებლო დონეზე, საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების გამიჯვნას გულისხმობს.
ნათია მეზვრიშვილმა სატელევიზო ჩართვაში განმარტა, თუ, კონკრეტულად, რას გულისხმობს აღნიშნული რეფორმის კონცეფცია.
„ეს რეფორმა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად იმუშავა, არის იმ ხაზისა და მიმდინარე რეფორმების გაგრძელება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს, გამოძიების ხარისხის ამაღლების მიმართულებით. რეალურად, დღეს ჩვენ არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს პირობებში გვაქვს შემდეგი მდგომარეობა: გამოძიების ჩატარებაზე, მის მიმდინარეობაზე, ცალკეულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე, დღეს პრაქტიკულად პასუხისმგებელია არამხოლოდ გამომძიებელი, არამედ პროკურორიც. ამას უშვებს დღევანდელი საკანონმდებლო ჩარჩო. დღევანდელ მოცემულობაში, გამომძიებლები საკმაოდ მიჯაჭვულნი არიან პროკურორებზე, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას არიან მოკლებულები, რასაც, ბუნებრივია, აქვს თავისი მიზეზები. ეს მიზეზები ორგვარად შეიძლება, წარმოვაჩინოთ. ერთი – პრაქტიკაში არსებული პრობლემები, რომელსაც, წლების განმავლობაში, ადგილი ჰქონდა გამომძიებლების კვალიფიკაციის მიმართულებით. საკმაოდ დაბალი იყო მათი კვალიფიკაცია და დღესაც, გარკვეულწილად, ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ. მეორე – არსებული საკანონმდებლო ჩარჩო და ის საპროცესო კოდექსი, რომელიც იქნა მიღებული 2010 წლიდან, რომელმაც პროკურორი ერთგვარი დომინანტის როლში წარმოადგინა, გამოძიების პროცესის მიმდინარეობის დროს და საკმაოდ დააკნინა გამომძიებლის როლი. ჩვენ ამ ყველაფერს ახლა ვასწორებთ და, ფუნქციების გამიჯვნის შემდეგ, გამომძიებელი დამოუკიდებლად შეძლებს გამოძიების ჩატარებას, დაიწყებს გამოძიებას, განსაზღვრავს გამოძიების მიმართულებებს და პროკურორს ექნება წმინდა საზედამხედველო ფუნქცია. დამოუკიდებლობის გაზრდასთან ერთად, ბუნებრივია, იზრდება გამომძიებლის პასუხისმგებლობაც, რამაც, საბოლოო ჯამში, ხარისხის ზრდამდე უნდა მიგვიყვანოს იმიტომ, რომ, პასუხისმგებლობის არარსებობის პირობებში, რეალურად, ძალიან დაბალია გამომძიებლების მოტივაცია, რომ ხარისხიანი გამოძიება ჩაატარონ. რადგან ეს პასუხისმგებლობები, როგორც უკვე აღვნიშნე, გადანაწილებულია 2 სუბიექტს შორის. ამიტომ, რეფორმის შემდეგ, მკაფიოდ იტყვის კანონი, რომ გამომძიებელი პასუხისმგებელია გამოძიების დამოუკიდებლად ჩატარებაზე, პროკურორი პასუხისმგებელია სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება-არ დაწყების საკითხსა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერაზე. რეფორმის შემდგომ, ბუნებრივია, შევინარჩუნებთ პროკურორის საზედამხედველო ფუნქციას დაახლოებით ისე, როგორც ეს არის ევროპის ბევრ ქვეყანასა და აშშ-ში – წმინდა საზედამხედველო ფუნქციით და არა ისეთი აქტიური როლით, როგორიც დღეს მოცემული კანონმდებლობის პირობებში პროკურორს აქვს. მაგალითად, უფლება აქვს, რომ განსაზღვროს გამოძიების მიმართულებები, მიიღოს გადაწყვეტილებები ცალკეული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებაზე და ა.შ”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი