ირაკლი კობახიძე: ზვიად კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებას აქვს პოლიტიკური საფუძველი

„უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება კომიტეტის თავმჯდომარის გადაყენების თაობაზე – ამას აქვს სუფთა პოლიტიკური საფუძველი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების შესახებ მსჯელობენ.
ირაკლი კობახიძემ დეპუტატის თანამდებობიდან გადაყენების საფუძველი განმარტა.
„არის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება პარლამენტის მიერ პოლიტიკური წესითა და პოლიტიკური საფუძვლით, არის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება სამართლებრივი საფუძვლით. მაგალითად, იმპიჩმენტი არის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება პოლიტიკურ-სამართლებრივი საფუძვლით. შესაბამისად, მას ესაჭიროება სამართლებრივი დასაბუთება. რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარის არჩევას, ან გადაყენებას – მას არ ესაჭიროება სამართლებრივი დასაბუთება იმიტომ, რომ ეს არის სუფთა პოლიტიკური საკითხი. პროცედურულად, გავლილია ყველაფერი, ანუ – პროცედურულად არავითარი ხარვეზი ამ გადაწყვეტილებას არ ექნება. თუმცა, რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, პოლიტიკური დასაბუთება, ყველამ ვიცით, რომ ამ გადაწყვეტილებას არ სჭირდება. არ სჭირდება როგორც ასეთი, სამართლებრივი საფუძველი. ეს არის ძალიან მარტივი პასუხი კითხვაზე. ხომ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება – მე თავიდანვე განვმარტე ეს. შეიძლება, ყველამ არ მომისმინა, თუმცა, თავიდანვე განვმარტე, რომ საფუძველი ამ გადაწყვეტილებას ჰქონდა პოლიტიკური. შეიკრიბა უმრავლესობა. თავის დროზე, იყო უმრავლესობის მიერ წარდგენილი შესაბამის პოზიციაზე ბატონი ზვიად კვაჭანტირაძე. შეიკრიბა კიდევ ერთხელ უმრავლესობა და მიიღო გადაწყვეტილება ბატონი ზვიადის გადაყენების თაობაზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, უმრავლესობის პოზიცია აქამდეც იყო ცნობილი; თუმცა. მისივე შეფასებით, ზვიად კვაჭანტირაძემ უმრავლესობის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება გადაწყვიტა.
„ამასთან დაკავშირებით უმრავლესობის პოზიცია მანამდეც იყო ცნობილი; თუმცა, სამწუხაროდ, ბატონმა ზვიადმა გადაწყვიტა, ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩაეყენებინა უმრავლესობა. მან გააკეთა საჯარო განცხადება იმის თაობაზე, რომ პარლამენტს უნდა გადაეყენებინა ის და არ აპირებდა თვითონ გადადგომას, მიუხედავად უმრავლესობის პოზიციისა. ეს არის მოცემულობა. ანუ, არის სუფთა პოლიტიკური მოცემულობა. უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება კომიტეტის თავმჯდომარის გადაყენების თაობაზე – ამას აქვს სუფთა პოლიტიკური საფუძველი. რა თქმა უნდა, პოლიტიკურად, გადაწყვეტილება ასეც შეიძლება იქნას მიღებული და ისეც შეიძლება იქნას მიღებული. უმრავლესობა შეიკრიბა გუშინ და ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება გადაყენების თაობაზე. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას აქვს სუფთა პოლიტიკური საფუძველი”, – განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ოპოზიციის წარმომადგენელთა კითხვის პასუხად – ჯეროვნად ასრულებდა თუ არა ზვიად კვაჭანტირაძე უფლებამოსილებას კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნისას – ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ, აღნიშნულთან დაკავშირებით, უმრავლესობის სხდომაზე ითქვა, რომ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი წარმატებებით ნამდვილად არ გამოირჩეოდა. მისივე შეფასებით, „დიასპორა პარლამენტში იყო ერთ-ერთი ჩავარდნილი მიმართულება”.

„რაც შეეხება უფლებამოსილების ჯეროვან განხორციელებას, ახორციელებდა თუ არა ბატონი ზვიადი თავის უფლებამოსილებას ჯეროვნად, ამაზეც იყო საუბარი გუშინ. ამას არანაირი კავშირი აქვს გადაწყვეტილებასთან; თუმცა, ამაზეც გვქონდა უმრავლესობის სხდომაზე საუბარი და იქ ითქვა, რომ ეს კომიტეტი არ გამოირჩეოდა ნამდვილად წარმატებებით. ეს იყო რეალობა, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე. თუ რომელიმე კოლეგა აქ წარმატებულად მიიჩნევს აქ ამ კომიტეტის საქმიანობას, მაშინ არ ვიცი. დიასპორა პარლამენტში იყო ერთ-ერთი ჩავარდნილი მიმართულება და ჩვენი ამოცანა და პოლიტიკური გადაწყვეტილებს საფუძველი ესეც არის – ჩვენი ამოცანაა, რომ ამ მიმართულებას დაეთმოს განსაკუთრებული ყურადღება და, ზუსტად ამ პრინციპით, ამ პოლიტიკური საფუძვლით მიიღება გადაწყვეტილება ახალი თავმჯდომარის არჩევის თაობაზე. ანუ, პოლიტიკური მოცემულობის ნაწილი ესეც იყო. თუმცა, ეს არ არის აქ, რა თქმა უნდა, განმსაზღვრელი. განმსაზღვრელი არის ის, რომ უმრავლესობამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო გადაყენების თაობაზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები