„თავდასხმის გახშირებული ფაქტები წინა ხელისუფლების მიმართ დაგროვილი აგრესიის გამოხატულებაა“

ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ძალადობის ყოველგვარ ფაქტს გმობს. თუმცა, ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმის ფაქტს საზოგადოების გაღიზიანებით ხსნის. როგორც „კვირას“ ნანა ჩაჩუამ განუცხადა, საზოგადოება დღემდე სამართლიანობის აღდგენის მოლოდინშია და სასამართლოსგან სამართლიან განაჩენს ვერ ღებულობს. მისი თქმით, სწორედ გაღიზიანება იწვევს აგრესიას.
„ეს არის გაღიზიანებული ხალხის ქცევა, რომელიც გაღიზიანების ფორმით არის გამოხატული. როცა საზოგადოება სასამართლოსგან სამართლიან განაჩენს ელის და საზოგადოება ამას ვერ ღებულობს, მაშინ აგრესია გროვდება. საზოგადოების ცნობიერება დღემდე სამართლიანობის აღდგენის რეჟიმში იმყოფება. ასეთი გახშირებული თავდასხმის ფაქტები წინა ხელისუფლების მიერ დაგროვილი უსამართლობის გამოხატულებაა. წინა ხელისუფლება რაც იყო, იყო… ის უკვე დამთავრდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ საზოგადოება სასამართლოს მხრიდან სამართლიან განაჩენს ელოდება. სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილებები რომ ვერ ხორციელდება სათანადოდ, იმ დონეზე, რისი მოლოდინიც ჰქონდა საზოგადოებას, ამიტომ არის გახშირებული აგრესიაც. ადამიანები თავისებურად გამოხატავენ აგრესიას. ადამიანებში დაძაბულობაა დაგროვილი, ხალხი აგრესიას შეურაცხყოფით გამოხატავს და ამიტომაც არის აგრესია“, – ამბობს ნანა ჩაჩუა.
შეგახსენებთ, რომ ვაკეში, აბაშიძის 22-ში, ლიტერატურულ კაფეში ზურაბ ჭიაბერაშვილს და ნოდარ ლადარიას თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ჭიაბერაშვილს თავი აქვს გატეხილი, ლადარიას კი სახეში ცხელი ჩაი შეასხეს. საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრის გოგა ხაჩიძის ინფორმაციით, ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ნოდარ ლადარიას რეზო თაბუკაშვილი და გიო მგელაძე დაესხნენ თავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები