„სესიაშვილის ინიციატივა სამხედრო სამსახურის შესახებ დისკრიმინაციულია“, – რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები კონსულტაციებს იწყებენ

“საქართველოში რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები სამხედრო- სავალდებულო სამსახურის შესახებ ირაკლი სესიაშვილის ინიციატივის წინააღმდეგ კონსულტაციებს იწყებენ”. ამის შესახებ „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარემ, ტარიელ ნაკაიძემ, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ნაკაიძემ აღნიშნა, სესიაშვილის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც არამართლმადიდებელ მღვდელმსახურებს ჯარში წასვლა მოუწევთ, დისკრიმინაციულია. მისი თქმით, რელიგიური კონფესიები, ამასთან დაკავშირებით, საერთო პოზიციას შეიმუშავებენ. როგორც ნაკაიძემ განაცხადა, ისინი იურისტებთანაც გაივლიან კონსულტაციებს და არ არის გამორიცხული, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ. „ეს კანონპროექტი, რომელიც დღეს დარეგისტრირდება საკანონმდებლო ორგანოში, ვფიქრობ, რომ არის ძალიან სერიოზული პრობლემის შემცველი , დისკრიმინაციული. არ შეიძლება, რომელიმე რელიგიური ორგანიზაცია უპირატესი იყოს სხვა რელიგიურ ორგანიზაციასთან მიმართებით – ისეთ ქვეყნებში, როგორიც ვართ ჩვენ, დემოკრატიულ, სეკულარულ ქვეყნებში.
ვფიქრობ, სეკულარიზმის, დემოკრატიის მთავარი პრობლემაც არის ერთგვარი, თუ ჩვენი საკანონმდებლო ორგანო გაიტანს ამ კანონპროექტს საბოლოოდ კანონად. რაც შეეხება მუსლიმი თემის დამოკიდებულებას – ზოგადად, მუსლიმ თემს სამხედრო-სავალდებულო სამსახური არ უჭირს და არც გაქცეულა არასდროს სამხედრო-სავალდებულო სამსახურიდან. ჩვენ, როგორც მოქალაქეები, ვალდებულები ვართ, დავიცვათ ამ ქვეყნის დემოკრატია, სეკულარიზმი, თანასწორუფლებიანობა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბრძოლა ამ მიმართულებით. დღეს ჩვენ, სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციას, რელიგიათა საბჭოში გვექნება კონსულტაციები, რომლებიც ჩამოვაყალიბებთ საერთო პოზიციას ამ თემაზე. ვცდილობთ, არ დარეგისტრირდეს ეს კანონპროექტი ამგვარად, ასეთი ფორმით. შევეცდებით, მივმართოთ ყველა სამართლებრივ გზას, რათა ეს კანონი არ შევიდეს ძალაში ასეთი ფორმით, ასეთი დისკრიმინაციული მიდგომით. როცა, 2018 წელს, რელიგიურმა ორგანიზაციებმა შევიტანეთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში საგადასახადო კოდექსთან და საგადასახადო შეღავათებთან , ასევე საკუთრებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და თქვა – არ შეიძლება, რაიმე ისტორიული წარსული გახდეს საფუძველი თანამედროვეობაში სამართლებრივი უპირატესობისა. გააუქმა ის ნორმა, რომლითაც სარგებლობდა მართლმადიდებლური ეკლესია და ვერ სარგებლობდნენ სხვა რელიგიური უმცირესობები. გავივლით კონსულტაციებს იურისტებთან; ყველა მიმართულებას, სამართლებრივ ნორმას გამოვიყენებთ ~ იქნება ეს საკონსტიტუციო, თუ სხვა ინსტანციის სასამართლოები”, – განაცხადა ნაკაიძემ.
ცნობისთვის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, პარლამენტს სთავაზობს, გაუქმდეს საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობდნენ. სესიაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, ჯარისგან თავის დაღწევას მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლები შეძლებენ. როგორც თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, ზოგიერთი ორგანიზაცია არასწორად და არასამართლიანად იყენებდა აღნიშნულ ნორმას, რის გამოც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის სისტემას სერიოზული პრობლემები შეექმნა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები