ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის ერთობლივი სხდომა

საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭო და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფი გასვლით, სამდღიან შეხვედრას მართავს.

ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ხელშეწყობით გამართული შეხვედრის პირველი სამუშაო დღე ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის და სამომავლო გეგმების გაცნობას, 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში სამუშაო ჯგუფების ანგარიშების წარდგენას და 2018-2019 წლების მოკლევადიანი სამუშაო გეგმის პრეზენტაციას დაეთმო.

ღონისძიება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის, ირინე ფრუიძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, რომელმაც პარლამენტის ახალი რეგლამენტით საბჭოს გაზრდილი უფლებამოსილების საკითხებზე, გასული წლების სამოქმედო გეგმების შესრულების მიმდინარეობასა და საბჭოს სამომავლო აქტივობებზე ისაუბრა.

,,2018 წელს საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ღიაობის, გამჭვირვალობის, ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების განვითარების მიმართულებით. ღია პარლამენტის მესამე სამოქმედო გეგმა, რომელიც 2018-2019 წლებს მოიცავს, ფართო საზოგადოებასთან კონსულტაციების შედეგს წარმოადგენს და ჩვენს სამომავლო ვალდებულებებს განსაზღვრავს – ახალი მექანიზმების შექმნას მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველსაყოფად და პარლამენტის როლის გაძლიერებას მდგრადი განვითარების ეროვნული მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა ირინე ფრუიძემ. 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანალიზზე საუბრისას, საბჭოს ხელმძღვანელმა რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა, როგორიცაა მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა, პეტიციის წარდგენის ელექტრონული სისტემის დანერგვა, პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მიღება და პარლამენტის ვებ გვერდის განვითარება. „თუ შევაჯამებთ 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის ანგარიშს, შეიძლება ითქვას, რომ აღებული ვალდებულებები 99%-ით შესრულდა და დარჩენილია რიგი საკითხები, რომლებზეც მუშაობა დღემდე გრძელდება“, – აღნიშნა ირინა ფრუიძემ. მანვე შეხვედრის მონაწილეებს სახელმწიფო დაწესებულებებში მოქალაქეთა ჩართულობის ინსტრუმენტების მოკვლევის მიზნით, საბჭოს ფარგლებში თემატური ჯგუფის შექმნა შესთავაზა.

შეხვედრაზე 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის 5 ძირითადი ვალდებულება დეტალურად მიმოიხილეს და აღნიშნული ვალდებულებების შესრულების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფების მიერ გაწეული საქმიანობის პრეზენტაციები მოისმინეს. სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელებმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფრუიძემ, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შემდეგ 5 ვალდებულებაზე ისაუბრეს:

. პარლამენტის მიერ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ხელშეწყობა და მონიტორინგი;

. ბიუჯეტის შემუშავებისა და დამტკიცების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა;

. პარლამენტის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის გაძლიერება ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით;

. მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნა საქართველოს პარლამენტში;

. საპარლამენტო დემოკრატიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა ღია მმართველობის სამდივნოს იუსტიციის სამინისტროდან მთავრობის ადმინისტრაციაში გადატანის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამომავლო საქმიანობის თვალსაზრისით, მისი დადებითი მხარეები აღნიშნა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კომუნიკაციების მენეჯერმა, მერი მახარაშვილმა, ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭოს საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ასევე საქართველოს პარლამენტის სოციალური მედიის საკომუნიკაციო კონცეფცია წარადგინა, რომელიც ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით მომზადდა. დოკუმენტის განხილვა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით წინადადებები და მოსაზრებები გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები