საქართველოში ჰაერის ხარისხი ევროკავშირის მიერ დაწესებულ ნორმებთან შესაბამისობაში არ არის

15 ქვეყნისა და ევროკავშირის აუდიტორებმა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ეფექტიანობის ერთობლივი აუდიტი ჩაატარეს.
ანგარიში საქართველოს, ესპანეთის, შვეიცარიის, ჰოლანდიის, ალბანეთის, ბულგარეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ისრაელის, კოსოვოს, მაკედონიის, მოლდოვას, პოლონეთის, რუმინეთის და სლოვაკეთის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციების ინდივიდუალურ კვლევებს ეფუძნება.
როგორც ირკვევა, აუდიტის სამსახურის მთავარ მიზანს წარმოადგენდა იმის დადგენა, ახორციელებდნენ თუ არა აუდიტში მონაწილე ქვეყნების მთავრობები ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებებს და შეესაბამებოდა თუ არა ეს ქმედებები ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას.
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით,​ აუდიტში მონაწილე ქვეყნებიდან, ესტონეთის გარდა, ვერცერთი ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობას.
ერთობლივი აუდიტის ჩატარების შედეგად, გამოიკვეთა, რომ ყველაზე კარგი მაგალითი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით ესტონეთი იყო. ქვეყანაში ჰაერის ხარისხი ყველა დადგენილ სტანდარტს შეესაბამებოდა. ხოლო მეორე მხრივ, ნეგატიური მაგალითებია პოლონეთი და ბულგარეთი, რომელთა საქმეებიც ევროკომისიამ ევროკავშირის სასამართლოში წარადგინა ჰაერის ხარისხის ზღვრული მნიშვნელობების გაუთვალისწინებლობის გამო.
როგორც აუდიტის სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, ჰაერის ხარისხი არც საქართველოში აღმოჩნდა ევროკავშირის მიერ დაწესებულ ნორმებთან შესაბამისობაში, რაც რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილების გამონაბოლქვია. ერთობლივი აუდიტის მიგნებებზე დაყრდნობით, გამოიკვეთა რეკომენდაციები, რომელიც გულისხმობს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ სამოქმედო გეგმების მომზადებასა და განხორციელებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები