ტატა ბერიძე: საპენსიო სააგენტოდან ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხებს ვიღებთ

„საპენსიო სააგენტოდან ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხებს ვიღებთ და ყველანაირად ცდილობენ, რეფორმის შესახებ ინფორმაცია საბოლოოდ მომხმარებლამდე მიიტანონ“, – ამის შესახებ ბუღალტერთა კავშირის თავმჯდომარე, ტატა ბერიძე აცხადებს.
მისი შეფასებით, ქვეყანაში ისეთი გამოცდილი რესურსი არსებობს, რომელიც საპენსიო რეფორმის ამ გამოწვევასაც გაუმკლავდება.
„საერთოდ, ბუღალტრებს სიახლეები და ცვლილებები ნაკლებად გვიყვარს. მოგეხსენებათ, ყველა სიახლეს სჭირდება დანერგვა, რაც თავისთავად ამძიმებს, ისედაც დაძაბულ სამუშაო რეჟიმს და გვიორმაგებს საქმის მოცულობას.
საპენსიო რეფორმა სწორედ ასეთ სიახლედ მოგვევლინა. ბუღალტრებს რეფორმის გააზრება ფიზიკური პირის, სპიკერისა და აღმასრულებლის პოზიციიდან მოგვიწია. მახსენდება რეფორმის პირველი დღეები ის აჟიოტაჟი, დაბნეულობა, კითხვები, ხალხის, თანამშრომლების აგრესია და საკუთარი, იმ დროისთვის, ჯერ კიდევ უარყოფითი პოზიცია.
შემდგომ მიხეილ ჭელიძის პრეზენტაცია, რომელმაც სრულიად გასცა პასუხი რეფორმის საკანონმდებლო მხარესთან დაკავშირებით, საპენსიო სააგენტოს მიერ გაწეულმა შრომამ, ახალგაზრდების საუბრებმა ერთგვარი პოზიტიური მუხტი შექმნა, თუმცა, არ გააქარწყლა არსებული სკეპტიკური მოსაზრებები.
ახლა, როდესაც ტექნიკური საკითხების უმეტესობა დალაგდა, ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა 6 მარტს სასტუმრო „იოტაში“ “პროფესიული განვითარების კავშირის” მიერ ორგანიზებული შეხვედრა, სადაც ფეისბუქზე არსებული ჯგუფის “ბუღალტერთა კავშირის” წევრებს საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ვაჟა ჯაპოშვილი შეხვდა.
სწორედ მან შეგვახსენა, რომ უკვე გავიარეთ გზა 8 ლარიანი პენსიიდან 200 ლარიანამდე და მიუხედავად იმისა, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.
ქვეყანაში არსებობს გამოცდილების ისეთი რესურსი, რომლითაც ამ გამოწვევას გავუმკლავდებით.
რაც შეეხება რეფორმის ტექნიკურ მხარეს, ვხედავ, როგორ აწყობილად მუშაობს საპენსიო სააგენტოს ყველა თანამშრომელი, როგორ ცდილობენ, რეფორმის შესახებ ინფორმაცია მიიტანონ საბოლოო მომხმარებლამდე, როგორ აუმჯობესებენ ტექნიკურ მხარეს.
საპენსიო სააგენტოდან ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხებს ვიღებთ. ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ბუღალტრებს, მათთვის სააგენტო ატარებს ტრენინგებს, მუშაობს ცხელი ხაზი და ფეისბუქ გვერდი, სადაც კითხვის დასმა და პასუხის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
მომწონს რომ გვაქვს უკუკავშირი და ყველა ჩვენგანს შეუძლია, გამოთქვას საკუთარი დადებითი, თუ უარყოფითი მოსაზრება, სამუშაო პროცესის ან მასში შესატანი ცვლილებების შესახებ”, – აცხადებს ტატა ბერიძე.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა, რის თანახმადაც, 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის საპენსიო რეფორმა სავალდებულოა, ხოლო 40 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის – ნებაყოფლობითი.
დაგროვებითი პენსიის კანონი პარლამენტმა 21 ივლისს მიიღო. სისტემის ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები