ახალი საპარკე ზონები, ბულვარი, სატრანსპორტო დერეფნები – რას გულისხმობს თბილისის ახალი გენგეგმა, რომელსაც ხვალ დაამტკიცებენ

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მომავალზე გათვლილი დოკუმენტია, რომელიც იმ მიმართულებით იმუშავებს, რომ მეტი აღარ გაფუჭდეს, ქალაქის განაშენიანების განვითარებასთან დაკავშირებით მეტი შეცდომა აღარ იქნას დაშვებული, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ორგანიზაცია , “სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორმა, მამუკა სალუქვაძემ განაცხადა.
როგორც თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები აცხადებენ, გენგეგმის დამტკიცება საკრებულოში ხვალ იგეგმება.
მამუკა სალუქვაძე აღნიშნავს, რომ მიღებულია დოკუმენტი, რომლითაც მერიას შეეძლება ქალაქის სწორად განვითარებასთან დაკავშირებით გარკვეული ოპერირება გასწიოს.
„ხვალ ნამდვილად მნიშვნელოვანი დღე იქნება თბილისისთვის, რომელსაც ქალაქი დიდი ხანია ელოდებოდა. არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ ხვალ, დიდი ალბათობით, დამტკიცებული იქნება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელზეც 3 წელზე ცოტა მეტი ვმუშაობდით. ბოლო ეტაპზე მერიასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით დაიხვეწა ეს დოკუმენტი. ვფიქრობ, მივიღეთ ის დოკუმენტი, რომლითაც მერიას შეეძლება გარკვეული ოპერირება გასწიოს ქალაქის სწორად განვითარებასთან დაკავშირებით, ქალაქის განაშენიანების განვითარებას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. იცით, რომ ბევრი ღონისძიებაა, რომლის დაანონსებაც უკვე მოხდა. ბევრ ღონისძიებასთან დაკავშირებითაც კვლევები უკვე მიმდინარეობს. ასე რომ, დაიძრა ყინული იმ სტატიკური მდგომარეობიდან, რომელშიც ქალაქი იმყოფებოდა და ჩვენ მძიმე მდგომარეობიდან ნელ-ნელა გამოსვლა უნდა დავიწყოთ“, – განაცხადა სალუქვაძემ.
მან იმასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, თუ რას შეცვლის ახალი გენგეგმა დედაქალაქისთვის.
„რას შეცვლის გენგეგმა და რა მოლოდინებია – ეს დოკუმენტი, ბუნებრივია, გადატრიალებას თავიდან ბოლომდე ვერ მოახდენს ქალაქში და იმასთან, რაც უკვე გაფუჭებულია, ძალიან რთულია მიბრუნება და ამ ყველაფრის გამოსწორება. ეს, ალბათ, მომავალზე გათვლილი დოკუმენტია, რომელიც იმუშავებს იმ მიმართულებით, რომ მეტი აღარ გაფუჭდეს და მეტი შეცდომები აღარ იქნას დაშვებული ქალაქის განაშენიანების განვითარებასთან დაკავშირებით.
ის, რაც უკვე არის და რაც სახეზე გვაქვს, რასაც ვხედავთ ყოველდღე, როცა ქალაქში გავდივართ, ამასთან დაკავშირებით, ალბათ, გარკვეულ სიტუაციებში მერიას ექნება თავისი პოზიციები ამ გენგემიდან გამომდინარე. ამას აფიქსირებს უკვე მერია. გუშინაც მთავრობის სხდომაზე ნახეთ, რომ გარკვეულ ობიექტთან დაკავშირებით მერიამ თავისი პოზიცია გამოხატა, კარგად გახსოვთ ვაკის პარკთან დაკავშირებით, როცა სასტუმროს მშენებლობაზე იყო ლაპარაკი. მე ვსაუბრობ იმ ობიექტებზე, რომლებზეც ნებართვები პრაქტიკულად, ხელში აქვთ და რომლის განხორციელებაც, თითქოს, კანონმდებლობით შეიძლებოდა. მერიამ სწორედ იმ ხედვებიდან, იმ კონცეპტუალური მიმართულებებიდან გამომდინარე, რომელიც გენგეგმაშია, უარი თქვა ამ მშენებლობებზე. არ მინდა დაგვავიწყდეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ – იპოდრომთან არსებული ყოფილი კორტების ტერიტორია, სადაც აგრეთვე საცხოვრებელი სახლების მშენებლობა იყო დაგეგმილი, სადაც მოვნიშნეთ რეკრეაციული ტერიტორია და მერიაც დაეთანხმა ამას.
ასევე, საუბარია ახალი საპარკე ზონების შექმნაზე, ათწლეულებია ძალიან კარგად იცით თქვენც, ახალი დიდი საპარკე ზონები თბილისში არ შექმნილა და ეს არის პირველი ნაბიჯები: დიღმის ჭალები, თემქის ხევი. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია გორგასლის ქუჩის რეაბილიტაცია, ლაპარაკია იმაზე, რომ დიდი ბულვარი გაკეთდება მეტეხის ხიდიდან 300 არაგველების ობელისკამდე, სანაპიროზე, მდინარესთან ახლოს. ამას ბუნებრივია, მოჰყვება მდინარის გაწმენდის აუცილებლობა. სწორედ ასეთი პროექტები უწყობს ხელს იმას, რომ მდინარე გაიწმინდოს. იცით, რომ გარკვეული პოლიცენტრული არეალებია მონიშნული დიდ საცხოვრებელ ტერიტორიებთან, რომლის განვითარებაც შეიძლება. უამრავი ტერიტორიაა, უფრო მეტად ქალაქის განაშენიანებული ტერიტორიის გარეთ, რომელსაც უნდა დაცვა და რომლის გამოსყიდვაც ან ადგილმონაცვლეობა, ალბათ, მოუწევს მერიას, ჩვენი ჯიბიდან გადახდილი ფულით, რა თქმა უნდა. იმ შეცდომებისთვის ჩვენ ახლა რაღაცნაირი ხარკი უნდა გადავიხადოთ, რომ თბილისისთვის ფასეული ტერიტორიები ან საშიში ტერიტორიები, სადაც მშენებლობები ნამდვილად არ შეიძლება, მაგრამ გაცემულია ნაკვეთები, ხშირ შემთვევაში ნებართვებიც, რაღაცნაირად დავიცვათ და გამოვათავისუფლოთ“, – განაცხადა სალუქვაძემ.
მისივე თქმით, მერია განწყობილია, რომ ის ძირითადი კონცეფციები, ღონისძიებები, რაც გენგეგმაშია ჩადებული, რეალობაში განახორციელოს.
„კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ – მენტალიტეტის ცვლილება მოხდა ძალიან მნიშვნელოვნად. ადამიანები უკვე სხვანაირად ფიქრობენ, უფრო და უფრო მეტს ითხოვენ. რომ ნახოთ კომენტარები, მთავრობის სხდომებისას ან ბრიფინგებისას, რომელსაც მერი ატარებს, ნახავთ, რამდენი მოთხოვნაა ამა თუ იმ ტერიტორიის გაჯანსაღებასთან, პარკების მოწყობასთან, კომუნიკაციების გამოცვლასთან დაკავშირებით. ასევე ტრანსპორტთან დაკავშირებით, მაგალითად დიდი დიღომი – ძალიან აქტიურები არიან ამ საკითხში და ვეთანხმები, დიდ დიღომში ნამდვილად არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა. ეს გადასაწყვეტია. მერიასთან გვქონდა საუბარი, ისინიც ეთანხმებიან ამას, რომ ელექტროტრანსპორტის რაღაც ვარიაცია უნდა გამოინახოს იმისთვის, რომ დიდი დიღომი დააკავშიროს დანარჩენ ქალაქს. თუმცა, ჩვენ ჩადებული გვქონდა დიდი დიღმიდან „ბასლაინი“, ანუ სწრაფი ავტობუსის სატრანსპორტო დერეფანი საბურთალომდე, შემდეგ გულიას ქუჩამდე . ასე, რომ უკვე დაიწყო მოძრაობა ამ ყველაფერმა. ვიცი, მერია განწყობილია, რომ ის ძირითადი კონცეფციები, ღონისძიებები, რაც დოკუმენტშია ჩადებული, განახორციელოს რეალობაში. სხვანაირად, რადიკალური ნაბიჯების გარეშე ეს დოკუმენტი დოკუმენტად დარჩება. კი ბატონო, დამტკიცებული იქნება და ამით შეიძლება კმაყოფილები ვიყოთ, მაგრამ ის მეორე ეტაპი კიდევ უფრო რთულია, რომელიც განხორციელებას გულისხმობს, მართლაც რთული ეტაპია და მერიას ბევრი ბრძოლა მოუწევს და ბევრი თავის ტკივილი ექნება ამ საკითხებთან დაკავშირებით . ეს გასაკეთებელია, სხვანაირად ამ ქალაქის შველა აღარ შეიძლებოდა“, – განაცხადა სალუქვაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები