სეს: თბილისში სასმელი წყლის ხარისხი „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს შეესაბამება

„სასმელი წყლის მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ“, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, აღებული ნიმუშების რაოდენობა და კონტროლის მასშტაბი ყოველწლიურად იზრდება – თუ 2010 წლისთვის რამდენიმე ათეული ნიმუშის აღება ხდებოდა, დღეს ეს უკვე რეგულარული გეგმის ნაწილია და 500-ზე მეტ ნიმუშს ითვალისწინებს.
„ტენდენცია ცალსახაა, თბილისში სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს და დარღვევები არ ფიქსირდება. გაუმჯობესებულია სიტუაცია დიდ ქალაქებში – ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და ბათუმში. გამოწვევად რჩება მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მდგომარეობის გაუმჯობესება რეგიონებში. სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლევის შედეგების ანალიზით, შეუსაბამობის შემთხვევების უმრავლესობა, ძირითადად, სოფლის მცირემასშტაბიანი წყალსადენების მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დარღვევასთან არის დაკავშირებული, ვინაიდან მოსახლეობის მომარაგება მცირე ინფრასტრუქტურული წყაროებიდან ხდება, რაც, ხშირ შემთხვევაში, ვერ პასუხობს ტექნიკურ მოთხოვნებს. ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა. წყლის ხარისხი განსაკუთრებულ პრიორიტეტადაა გამოცხადებული და პრემიერ-მინისტრის მიერ კონტროლზეა აყვანილი.
სასმელ წყალთან დაკავშირებით, პრობლემის იდენტიფიცირებისთანავე ინფორმაცია როგორც მუნიციპალიტეტებს, ასევე რწმუნებულ-გუბერნატორის აპარატს და სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის მმართველ კომპანიებს ეგზავნება. უნდა აღინიშნოს, რომ წყლის კვლების დროს აღმოჩენილი დარღვევები სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები