გიორგი მიქაუტაძე: აშშ-ის დეპარტამენტის დასკვნა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ცრუ ინფორმაციას ეყრდნობა

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ცრუ ინფორმაციას ეყრდნობა“, – ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მიქაუტაძე აშშ -ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს.
მიქაუტაძის განცხადებით, იგი მზად არის გამოქვეყნებულ ანგარიშში წარმოდგენილ თითოეულ ბრალდებას პასუხი გასცეს.
„დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული ის წყარო, რომელზე დაყრდნობითაც აკეთებენ ანგარიშის ავტორები ამ დასკვნებს და ეს წყარო არის ისევ და ისევ კოალიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უკვე გასაგებია, რომ სასამართლო სისტემის მიმართ გამოთქვამენ ერთსა და იმავე პრეტენზიებს. შემიძლია, კიდევ ერთხელ გავცე პასუხი თითოეულ ბრალდებას, რომელიც წარმოდგენილია. თუნდაც, შემიძლია, მაგალითად მოვიყვანო საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამა, რომელზეც ჩვენ არაერთი შეხვედრა ჩავატარეთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ყველა მათი პრეტენზია გავაბათილეთ მტკიცებულებებით, რომ ელექტრონული განაწილების პროგრამა მუშაობს ხარვეზების გარეშე და იქ არანაირ ჩარევას ადგილი არ აქვს. თუმცა, ჩვენ მაინც გვესმის მათი მხრიდან ცრუ ფაქტებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციები“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
ამასთან, კითხვაზე, იმოქმედებს თუ არა სასამართლოს იმიჯზე აღნიშნული ანგარიში, გიორგი მიქაუტაძემ განმარტა, რომ მნიშვნელოვანია, რა წყაროებზე დაყრდნობით კეთდება ანგარიშებში ჩანაწერები.
„ვფიქრობ, არ არის სულერთი, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით კეთდება ჩანაწერები ანგარიშებში, რადგან სწორედ ამ ფაქტებზე და მტკიცებულებებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და აქედან უნდა ვეძებოთ პრობლემები. ამიტომ, ის წყარო, რომელიც მითითებულია ინფორმაციის საფუძვლად, არის მნიშვნელოვანი. კიდევ ვამბობ, იქ არის მოყვანილი ფაქტები, რომლებზეც ჩვენ გვქონდა შეხვედრები არასამთავრობო სექტორთან. არის მნიშვნელოვანი, რა წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია“, – აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ 2018 წლის ანგარიშში საქართველოს სასამართლო სისტემისა და მოსამართლეების შერჩევის პროცედურის ხარვეზებზეც არის საუბარი.
დასკვნაში წერია, რომ საქართველოში კანონმდებლობა უზრუნველყოფს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, თუმცა სასამართლოს მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები რჩება. ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით სხვადასხვა პრობლემაზე საუბრობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები