თამარ ჩუგოშვილმა საპარლამენტო მექანიზმების გაძლიერების შესახებ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გახსნა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ანგარიშის – „საპარლამენტო მექანიზმების გაძლიერება ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს შორის ურთიერთობაში” პრეზენტაციას დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, გასული წლის ბოლოს, ძალაში შევიდა პარლამენტის ახალი რეგლამენტი და კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც პარლამენტის მანდატთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს. მისივე თქმით, თვითონ ახალი რეგლამენტი განსაკუთრებულ აქცენტს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციაზე აკეთებს.
„პარლამენტს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ფაქტობრივად, არ განუხორციელებია ის ძალიან მნიშვნელოვანი კონსტიტუციური მანდატი, რომელიც არის აღმასრულებელი ხელისუფლების და სხვა ანგარიშვალდებული ორგანოების კონტროლი და ზედამხედველობა. პარლამენტი ხედავდა საკუთარ თავს უფრო როგორც საკანონმდებლო ორგანო და ნაკლებად როგორც ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის ერთეული.
ეს უნდა შეიცვალოს და საქართველო უნდა გახდეს სრულფასოვანი საპარლამენტო რესპუბლიკა და შესაბამისად, პარლამენტის როლი უნდა იყოს განსხვავებული, ვიდრე ის ტრადიციულად იყო და ამ გზას ერთად გავდივართ”,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში, საკმაოდ საინტერესო პროცესები მიდის საქართველოს პარლამენტში. კერძოდ, ახალი რეგლამენტის მიღების შემდგომ სერიოზულად არის გაზრდილ მთავრობის წევრების, მინისტრების და სხვა ანგარიშვალდებული პირების პარლამენტში მოსმენა.
„იშვიათი იყო მინისტრების ზედამხედველობა საკომიტეტო და პლენარულ ფორმატში და ახლა ეს არის ჩვენი მუშაობის ყოველდღიურობა”, -აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
მისივე თქმით, უახლოეს სასესიო კვირაში, პარლამენტში პირველად განხორციელდება ახალი პროცედურა – ინტერპელაცია. მთავრობის წარმომადგენლები წარსდგებიან პარლამენტის წინაშე და პირადად უპასუხებენ დეპუტატების მიერ მათთვის გაგზავნილ კითხვებს.
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისას, მნიშვნელოვანია არ მარტო ამ პროცესის პოლიტიკური ნაწილი, არამედ სიღრმისეული, შინაარსობრივი და თემატური კონტროლი.
„ამისთვის ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მექანიზმები, როგორიც არის მაგალითად, საკომიტეტო მოკვლევა, რომელიც ინერგება და უკვე ხუთი საკომიტეტო მოკვლევა მიმდინარეობს, ასევე კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგი და ა.შ. საპარლამენტო მექანიზმების დანერგვისა და გაძლიერების პროცესი უნდა წარიმართოს ჩართულობისა და ღიაობის მაღალი ხარისხით. ჩვენი მზად ვართ აქტიურად ვიმუშაოთ და ვითანამშრომლოთ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ პარლამენტის ინსტიტუციურ გაძლიერებას”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
პრეზენტაციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ლორა თორტონმა.
„ეს დოკუმენტი ასახავს საერთაშორისო პრაქტიკას იმის შესახებ, თუ როგორ იყენებენ საკანონმდებლო ორგანოები სხვადასხვა ქვეყნებში და სხვადასხვა სისტემებში ზედამხედველობის ინსტრუმენტებს. აქ განხილულია როგორც კონკრეტული ქვეყნების მაგალითები, ასევე კონკრეტული ინსტრუმენტებიც”,- განაცხადა ლორა თორტონმა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, ვახუშტი მენაბდემ გამართა ანგარიშის „საპარლამენტო მექანიზმების გაძლიერება ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს შორის ურთიერთობაში” პრეზენტაცია.
ნაშრომი აღწერს სხვადასხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებში ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოების ურთიერთობას, აგრეთვე ამ ურთიერთობების გაუმჯობესების მექანიზმებსა და სტრატეგიებს.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ; საქართველოს პარლამენტის წევრები, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ მომზადებული სახელმძღვანელოს თარგმანი მომზადდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პროექტის „პოლიტიკური პროცესების გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ხელშეწყობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები