ომბუდსმენი ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სახალხო დამცველი ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებას განცხადებით ეხმაურება.
ნინო ლომჯარია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო მექანიზმების მაქსიმალური გამოყენებით, ძალისხმევა არ დაიშუროს ეფექტური გამოძიებისა და სავარაუდო დამნაშავეების პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად.
„მიმდინარე წლის 12 მარტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება გალის რაიონში 1990 წელს დაბადებული ირაკლი კვარაცხელიას სავარაუდო თვითმკვლელობის შესახებ. დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით იყო დაკავებული. ნინო ლომჯარია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო მექანიზმების მაქსიმალური გამოყენებით, ძალისხმევა არ დაიშუროს ეფექტური გამოძიებისა და სავარაუდო დამნაშავეების პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად. შემაშფოთებელია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გარდაცვლილის მიმართ დაკავების დროს სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე, რაც დამატებით შესწავლას საჭიროებს“,- აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.
სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ კვარაცხელიას ცხედარი უმოკლეს ვადებში გადმოეცემა საქართველოს ხელისუფლებას, რათა დროულად ჩატარდეს სამედიცინო ექპერტიზა და დადგინდეს გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები.
ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას ე.წ. „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით დაკავება არის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი, რასაც, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ხშირად აქვს ადგილი და წარმოადგენს მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილებისა და უსაფრთხოების უხეშ დარღვევას საოკუპაციო ძალების მხრიდან.
ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმის აუცილებლობას და საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.