საქართველოში საავტორო უფლებების სფეროს რუსული საფრთხე ემუქრება

„საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია“  ქვეყანაში ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე საავტორო და მომიჯნავე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ მართვას ახორციელებს. ქართული ორგანიზაცია, რომელიც დღეის მდგომარეობით, 150-ზე მეტი ქვეყნის 5 მილიონზე მეტ საავტორო და მომიჯნავე უფლების მფლობელს აერთიანებს, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მუშაობს და რეგიონში დღემდე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ასეთი ტიპის ორგანიზაციები მართავენ საავტორო უფლებებს, რაც ნიშნავს იმას, რომ, ერთის მხრივ, წარმოადგენენ ავტორებს, ამ ავტორების სახელით გასცემენ ნებართვას გამომყენებელზე, მეორეს მხრივ, კი ამ ლიცენზიის საფუძველზე, გამომყენებლებს საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი ტარიფების შესაბამისად ახდევინებენ ჰონორარს და ამ ჰონორარს უნაწილებენ ავტორებს. ქართულ ბაზარზე მსგავსი საერთაშორისო სტანდარტის ორგანიზაცია ერთადერთია. თუმცა ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ბოლო პერიოდში რუსულ საფრთხეზე საუბრობს. როგორც ჩანს, რუსეთი მოსკოვში მოღვაწე ქართველი მომღერლების სახელით ცდილობს, საერთაშორისო არენაზე საქართველოს, საავტორო უფლებების მიმართულებით, რეპუტაცია შეულახოს.

აღნიშნულ საკითხზე „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის“ ხელმძღვანელი გიგა კობალაძე გვესაუბრა.

„საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია 1999 წელს დაარსდა, თუმცა ასოციაციამ აქტიური მუშაობა 2012 წლიდან დაიწყო. 2015 წლიდან საავტორო უფლებების დაცვის მიმართულებით, ჩვენი ორგანიზაცია რეგიონში ლიდერის პოზიციაზეა, რაც ჩვენი მუშაობის ღია და გამჭვირვალე პროცესმა მოიტანა. მანამდე ლიდერის პოზიციას რეგიონში უკრაინა იკავებდა, თუმცა რუსეთმა შეძლო და თავისი გავლენით დაასუსტა უკრაინის რეპუტაცია საერთაშირისო არენაზე და, შესაბამისად, ქვეყანამ დაკარგა ლიდერის პოზიცია. ახლა რუსეთი იმავეს გეგმავს საქართველოში.

ეს ისტორია 2017 წელს დაიწყო, სწორედ მაშინ, როდესაც რუსეთის ავტორთა საზოგადოებამ (RAO) ევრაზიის უფლების მფლობელთა საზოგადოებების კონფედერაცია (EACOP) დააფუძნა, სადაც აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ბელორუსია გააერთიანა. პარალელურ რეჟიმში, იგივე RAO-ს მიერ შეიქმნა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებული ტრანზაქციების საკოორდინაციო ცენტრი- IP CHAIN-ი, რომლის მეშვეობითაც რუსეთი ღიად აკონტროლებს კონფედერაციის წევრ ქვეყნებში შეგროვებულ ჰონორარს და ამ ჰონორარის მფლობელთა შესახებ ინფორმაციას.

ევრაზიული კავშირი ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციის, CISAC-ის საპირწონედ დაარსდა, ეს ორგანიზაცია კი მუსიკის სფეროში მსოფლიო გაერთიანებას წარმოადგენს, რომელშიც 239 ორგანიზაციაა გაწევრიანებული. მათ შორისაა საქართველო.

– რა ინტერესი აქვს ამ მიმართულებით რუსეთს საქართველოში?

– საქართველო რეგიონში ერთადერთი ნათელი წერტილია, სადაც საავტორო უფლებების სფერო საკმაოდ სწრაფი ტემპებით ვითარდება. რუსეთის ინტერესს საქართველოს, როგორც რეგიონში ლიდერი პოზიციის მქონე ქვეყნის ევრაზიულ კავშირში შეყვანა წარმოადგენს, რითაც, ერთის მხრივ, შეასუსტებს საქართველოს როლს მსოფლიო არენაზე და, მეორეს მხრივ, მოხდება განვითარების არსებული დინამიკის შეფერხება და უკუსვლა.
ჩვენი გაწევრიანების მიზნით, ჩვენთან მოლაპარაკებები დაიწყეს და ასე ვიტყვი, უფრო მეტად ზეწოლა, თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, მიზანს ვერ მიაღწიეს და GCA არ გახდა ევრაზიული კავშირის წევრი. ამან, ბუნებრივია, რუსეთი გააღიზიანა, რის შემდეგაც, უკვე მრავალგზის ნაცად მეთოდს მიმართეს და დასაყრდენად გამოიყენეს რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლები – დავით ხუჯაძე და აჩი ფურცელაძე. რუსეთი სწორედ ამ ქართველების დახმარებით ცდილობს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის დისკრედიტაციას, ქართველი ხელოვანების თვალში მისი იმიჯის შელახვას და ამ გზით, საავტორო უფლებების სფეროში არეულობის შეტანას.

– რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერლებმა რაიმე ორგანიზაცია დააარსეს თქვენს კონკურენტად, თუ ჯერ, მხოლოდ პირადი მოლაპარაკებებით შემოიფარგლებიან?

– დიახ, სწორედ ასეა, დავით ხუჯაძემ და აჩი ფურცელაძემ შექმნეს საინიციატივო ჯგუფი და დააფუძნეს ორგანიზაცია, რომელმაც თითქოს უნდა უზრუნველყოს ქართველი მუსიკოსების საავტორო უფლებების მართვა და მათთვის ჰონორარის გადახდა. მათვე დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება, რომ თითქოს, ჩვენი ასოციაცია არ მუშაობს გამართულად, არ არის გამჭვირვალე და ასე შემდეგ. თუმცა, ასოციაციის საქმიანობა უკვე წლებია, საზოგადოებისთვის სრულიად გამჭვირვალეა და აკმაყოფილებს CISAC-ის მიერ დადგენილ სტანდარტებს. კიდევ გავიმეორებ და ვიტყვი, რომ ჩვენგან ყველა წევრს შეუფერხებლად მიეწოდება დეტალური ინფორმაცია შეგროვებული და განაწილებული ჰონორარის შესახებ. ეს ინფორმაცია გამოიცემა ბეჭდური სახით და რიგდება წევრებს შორის, ქვეყნდება ასოციაციის ვებგვერდზე, ეგზავნება CISAC-ს და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს – „საქპატენტს“. სწორედ გამჭვირვალობაა ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი, რის გამოც ასოციაცია დღესდღეობით პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის იკავებს ლიდერის პოზიციას და მრავალი კომპონენტით არ ჩამოუვარდება ბევრ ევროპის ქვეყნასაც.
სხვათა შორის, ჩვენთვის ჩრდილის მოსაყენებლად, ხუჯაძე და ფურცელაძე ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს ჩვენ რუსული RAO-ს წევრები ვიყავით. ეს, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება და ძალიან არაპროფესიონალური ბრალდებაა. რუსული RAO-ს წევრი ვერანაირად ვერ ვიქნებოდით, იმ უბრალო მიზეზით, რომ ჩვენ ორივე საერთაშორისო ორგანიზაციის CISAC-ს წევრები ვართ, თანაბარი უფლებებით. იმდენად აბსურდია ეს ბრალდება, რომ ასახსნელადაც უხერხულია…

– ალბათ, სწორედ ესაა რუსეთის ინტერესი, რომ სრულად გააკონტროლოს ინტელექტუალური საკუთრება საქართველოში…

– რა თქმა უნდა. საავტორო უფლებების სფეროში რუსული ინტერესების გატარება უკვე არსებული სისტემისთვის გამოუსწორებელი დარტყმის მიყენებას ნიშნავს და პირველ რიგში, ქვეყნის იმიჯის შელახვას. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველო ასრულებს ევროპის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, სწორედ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
რუსეთის ბაზაზე შექმნილი ორგანიზაციის წევრებმა, რომელთაც საერთაშორისო სტანდარტებთან და საერთაშირისო ორგანიზაციებთან საერთოდ არ აქვთ შეხება, საქართველოში დაიწყეს შეხვედრები ქართველ ხელოვანებთან. ამ შეხვედრებზე მათ ეუბნებიან, რომ მათთან თანამშრომლობით უფრო მეტ ჰონორარს აიღებენ, რომ თითქოს, რუსეთში შეგროვილია რამდენიმე მილიონი ლარი, გადმორიცხულია ჩვენს ანგარიშზე და ჩვენ არ ვაძლევთ მათ. ესეც არის სრული სიცრუე. სინამდვილეში, სრულიად საჯაროა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთელი 5 წლის განმავლობაში რუსეთს საქართველოში გადმორიცხული აქვს მხოლოდ 125 000 ლარი. ჩვენ კი რუსი ავტორებისთვის 420 000 ლარის ჰონორარი გადავრიცხეთ. მათი მიზანი სწორედ ისაა, რომ ასეთი დეზინფორმაციის გავრცელებით, იმიჯი შეგვილახონ, რაც უარყოფითად აისახება ჰონორარის შეგროვების პროცესზე და ხელოვანი ადამიანების კუთვნილი ჰონორარის დრამატულად შემცირებას გამოიწვევს.
კიდევ ერთი საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ამ ორგანიზაციას არ გააჩნია კოლექტიური სტატუსის ქონის იურიდიული უფლებამოსილება და მათი მცდელობა წარმოადგენს იურიდიულ ნონსენსს. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით მკაფიოდ არის დადგენილი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის შექმნის კრიტერიუმები: პირველი, ასეთი სტატუსისთვის ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს გაფორმებული რეპერტუარის ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულება მსოფლიოს უმრავლეს ორგანიზაციასთან. მუსიკის სფეროში მოქმედებს 239 ორგანიზაცია. საიდანაც 202 ორგანიზაციასთან ჩვენ უკვე გვაქვს გაფორმებული ასეთი ხელშეკრულება და ეს ორგანიზაციები სხვასთან ვერ გააფორმებენ ხელშეკრულებებს, თუ ჩვენთან არ გაწყვეტენ. გაწყვეტას კი მიზეზები სჭირდება, რაც არ არსებობს და მეორე, კანონით დაშვებულია სფეროში მხოლოდ ერთი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის არსებობა. მუსიკის სფეროში ასეთი ორგანიზაცია უკვე არსებობს ჩვენი ასოციაციის სახით და მეორეს შექმნა დაუშვებელია. გარდა ამისა არსებობს CISAC-ს რეკომენდაციებიც, რომ საქართველოში არ არის მიზანშეწონილი მეორე ასეთი ორგანზიაციის შექმნა, რადგან ეს სიტუაციის გაუარესებას და ავტორთა ჰონორარის შემცირებას გამოიწვევს.

– ინტერვიუს დასაწყისში უკრაინის მაგალითი ახსენეთ. შეგიძლიათ, უფრო დეტალურად განმარტოთ, რა მდგომარეობაა დღეს ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში?

– კი, რა თქმა უნდა… რუსეთმა, ანალოგიური, 2013 წელს, უკვე გააკეთა უკრაინაში… სამწუხაროდ, იქ მიზანს მიაღწია და უკრაინა დღემდე იმკის ამ შედეგებს. უკრაინის საავტორო უფლებების ორგანიზაცია – „UACRR“ 2013 წლამდე რეგიონში ლიდერის პოზიციაზე იყო. რუსეთმა, ზუსტად იგივე მეთოდების გამოყენებით, უკვე არსებული ორგანიზაციის დასუსტების მიზნით, შეძლო, შეექმნა თავდაპირველად ორი, ხოლო, საერთო ჯამში, 19 დამატებითი ორგანიზაცია, რუსეთის კონტროლირებადმა ორგანიზაციებმა ხელოვნურად შეამცირეს ტარიფები, რამაც სიტუაციის უკიდურესად გაუარესება და შეგროვებული ჰონორარის ათჯერ შემცირება გამოიწვია. შედეგად, უკრაინამ არათუ დაკარგა ლიდერის პოზიცია, არამედ აღმოჩნდა ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყანათა შორის.

– რა არის თქვენი თავდაცვითი მექანიზმი? რა იქნება თქვენი ძირითადი აქტივობა, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს მიზნის მიღწევა?

– დავიწყეთ ჩვენი წევრების ინფორმირება, ასევე, მედიის საშუალებითაც ვცდილობთ, მაქსიმალურად გავავრცელოთ ინფორმაცია. ჩვენი მიზანია, ყველა ადამიანამდე მივიდეს ინფორმაცია, თუ რა მიზანს ემსახურება ახალი ორგანიზაციის შექმნა და რა მიზანი აქვს რუსეთს.
როგორც ვიცი, ავტორებთან შეხვედრები ასევე აქვთ აჩი ფურჩელაძეს და დათო ხუჯაძესაც, თუმცა, ჯერ მხოლოდ რამდენიმე ქართველი ავტორის დაყოლიება შეძლეს. სასიხარულოა, რომ ძალიან ბევრმა ავტორმა უარი უთხრა რუსეთის ინიციატივას. გარდა ამისა, ჩვენ წამოვიწყეთ საინფორმაციო კამპანია: „არა -ინტელექტის ოკუპაციას“, რათა, არავინ წამოეგოს პროვოკაციას და იცოდნენ, რას ემსახურება ეს პროექტი, რა მიზანი აქვს ამას და რა არის რეალობა. გვჯერა, რომ კამპანია წარმატებული იქნება და თავიდან ავიცილებთ ინტელექტუალური საკუთრების ოკუპაციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები