საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფოებრივი აზროვნების შედეგი დაადასტურა
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვით ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება პრემიერს გადაეცა. როგორც „კვირას“ ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, პრეზიდენტის მხრიდან ეს გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი აზროვნების შედეგია.
„პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ დადებითად ვაფასებ. ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ურთიერთშეთანხმებულად, მინიმალური პრობლემების შექმნის გზით, ეს სჭირდება ქვეყანას. პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება სწორედაც ასეთი ნაბიჯია. ამის შემდეგ მოიხსნება ყველა იმ კითხვაზე პასუხი, ვისაც სურს ხელოვნურად დაძაბაოს ურთიერთობა პრემიერსა და პრეზიდენტს შორის“, – აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.
მისი თქმით, კონსტიტუცია ცალსახად არ განსაზღვრავს განსაკუთრებულ უფლებას, თუ ვინ უნდა მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულების დოკუმენტზე. ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების დოკუმენტზე ხელმოწერის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს მთავრობასთან შეთანხმებით და, ამავდროულად, პრემიერ – მინისტრსაც და საგარეო საქმეთა მინისტრსაც.
„კონსტიტუცია ცალსახად არ განსაზღვრავს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას. პრეზიდენტს აქვს საერთაშორისო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლება, ოღონდ მთავრობასთან შეთანხმებით, კონსტიტუცია მეტს არაფერს ამბობს ამის თაობაზე. კანონით, საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად, ხელმოწერის სპეციალური უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ – მინისტრს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. პრეზიდენტს ხელმოწერის უფლება აქვს, მთავრობასთან შეთანხმებით, ხოლო პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრისთვის არავისთან შეთანხმება საჭირო არ არის. ყველა სხვა პირს ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად უფლება სჭირდება.
ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დოკუმენტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ, როგორ ჩანს, სურვილი საქართველოს პრეზიდენტსაც და პრემიერ- მინისტრსაც ერთნაირად აქვთ. ალბათ არავინ სხვა უარს არ იტყოდა ამ ხელშეკრულების ხელმოწერაზე, ძალიან მნიშვნელოვანი ხელმოწერაა. სამართლებრივი თვალსაზრისით უფლება აქვს ერთსაც და მეორესაც. ხელისუფლების პირველმა პირებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას, ფაქტია, პრეზიდენტმა ხელმოსაწერად დოკუმენტი პრემიერ – მინისტრს დაუთმო, ამით მის გადაწყვეტილებას მხოლოდ დადებითად ვაფასებ“, – აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება ერთჯერადად პრემიერ-მინისტრს გადასცა.