კახა გოგოლაშვილი: პრეზიდენტმა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი პატივისცემა გამოავლინა

საერთაშორსო საკითხებში ექსპერტი კახა გოგოლაშვილი პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრისთვის ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილების გადაცემის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ფაქტი ხელმოწერის პროცესის უფრო მეტ ლეგიტიმურობასა და მასში პრეზიდენტის ჩართულობას უზრუნველყოფს.
ექსპერტის შეფასებით, პრეზიდენტის აღნიშნული გადაწყვეტილებით ინსტიტუტების თანამშრომლობისა და მმართველ რგოლებს შორის პატივისცემა გამოვლინდა. რაც შეეხება იმას, თუ რომელ მათგანს აქვს კონსტიტუციურად ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლება, გოგოლაშვილი აცხადებს, რომ ამისი უფლება როგორც პრეზიდენტს, ისე პრემიერ-მინისტრს თანაბრად აქვთ.
“კონსტიტუციურად ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლება აქვს პრეზიდენტსაც, პრემიერ-მინისტრსაც, საგარეო უწყების ხელმძღვანელსაც და სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილ ელჩსაც. თუ ვინ მოაწერს ხელს, ეს უკვე შიდა მოლაპარაკებების საგანია. ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, თუ ვინ აწერს ამ შეთანხმებაზე ხელს ევროკავშირის მხრიდან, რათა თანაფარდობა დაცული იყოს. ევროკავშირის მხრიდან ხელმომწერთა შორის პრემიერ-მინისტრებიც და პრეზიდენტებიც იქნებიან. შეთანხმებას სახელმწიფოს სახელით ეწერება ხელი, რატიფიცირებას შემდგომ პარლამენტი ახდენს, საკანონმდებლო ორგანო მას როგორც დოკუმენტს, ისე ამტკიცებს. ასე, რომ, ის საკითხი, პრეზიდენტს აქვს თუ პრემიერს ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლება და ამ თემის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი, გამოგონილი თემაა.10423441_256318834574307_527533975_n
პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილებით ამ პროცესში პრეზიდენტის ჩართულობა დაფიქსირდა. დღევანდელი გადაწყვეტილების სამართლებრივი აუცილებლობა არ არსებობდა, თუმცა გამოჩნდა, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე ორივე მხარე თანახმაა“, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დავით პატარაიამ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება ერთჯერადად პრემიერ-მინისტრს გადასცა. საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ბრიუსელში, 2014 წლის 27 ივნისს მოაწერს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები