სასამართლო დავა სამეფო ოჯახში – ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკების სარჩელის ირგვლივ ისტორიკოსები დაიკითხებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკების სარჩელის განხილვა ხვალ განახლდება.
სარჩელი დავით ბაგრატიონ-მუხრანელის წინააღმდეგ არის შეტანილი.
ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს „საქართველოს სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობას“ ედავებიან.
ხვალინდელ პროცესზე აკადემიკოსები როინ მეტრეველი და გიორგი ოთხმეზური გამოიკითხებიან.
იურიდიულ კომპანია „სამართლის გზაში“, რომელიც ბაგრატიონ-გრუზინსკების ინტერესებს იცავს, აცხადებენ, რომ როინ მეტრეველი და გიორგი ოთხმეზური სასამართლოზე სპეციალისტების სტატუსით არიან მიწვეულნი.
„დავის სირთულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო დავას კოლეგიური (სამი მოსამართლის) შემადგენლობით განიხილავს – მაია გიგაური (თავმჯდომარე), თამარ ლაკერბაია, გიორგი გოგიჩაშვილი“, – აღნიშნავენ იურიდიულ კომპანიაში „სამართლის გზა“.
ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატის, ლევან გორელაშვილის განცხადებით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი სამეფო ოჯახის ყოფილი სიძეა და არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს.
სასამართლო დავის თემას მოპასუხე მხარის ადვოკატიც გამოეხმაურა.
დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის, ლევან ჩხეიძის განცხადებით, ბაგრატიონ-გრუზინსკები სასამართლო დავის მეშვეობით ცდილობენ, აღიარება მოიპოვონ, თუმცა გენეალოგია არ აქვთ შესაბამისობაში.საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა ხვალ, 15:00 საათზეა ჩანიშნული.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები