„ახალგაზრდა ადვოკატები“: „ბაღების საქმის“ მორიგებით დასრულებაზე, ხაშურის მერმა და ბაღების გაერთიანებამ უარი განაცხადა

„თბილისის სააპელაციო სასამართლოს დავალების მიუხედავად, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ და მასზედ დაქვემდებარებულმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების – საბავშვო ბაღების გაერთიანებამ ირმა გომარელის, თინათინ ლობჟანიძისა და მერი ღონღაძის საქმის მორიგებით დასრულებაზე უარი განაცხადა“,- ამის შესახებ ინფორმაციას „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, შესაბამისი წერილობითი პოზიცია, როგორც „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, ასევე სასამართლომაც მიიღო.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას და საბავშვო ბაღების გაერთიანებას 4 ალტერნატიული პირობა წარუდგინა – მოსარჩელეების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება #15 ქვიშხეთის საბავშვო ბაღში ტოლფასს თანამდებობაზე დასაქმება, ტოლფასს ან/და იდენტურ თანამდებობაზე დასაქმდება ქალაქ ხაშურის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ სკოლამდელი აღზრდის ერთ-ერთ დაწესებულებაში, დასაქმება ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებულ ა(ა)იპ-სა და/ან საბიუჯეტო სამსახურებში სამუზეუმო სივრცისა და საგანმანათლებლო სფეროს მიმართულებით და/ან სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2018 წლის 11 იანვრიდან, ერთჯერადი კომპენსაციის სახით ხელზე ასაღები ხელფასის ოდენობა 60 თვის განმავლობაში. როგორც საბავშვო ბაღების გაერთიანებისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 25 თებერვლის წერილში აღინიშნა – საბავშვო ბაღების გაერთიანებას, მოცემულ პერიოდში, არ გააჩნია, როგორც N15 ქვიშხეთის საბავშვო ბაღში, ასევე გაერთიანების სტრუქტურულ ერთეულებში აღმზრდელი ან აღმზრდელის თანაშემწის ვაკანტური შტატი, ისე, როგორც ტოლფასი თანამდებობა ან/და იდენტური თანამდებობები. საბავშვო ბაღების გაერთიანებას გააჩნია წინასწარ განსაზღვრული ბიუჯეტი – სუბსიდია, რომელიც ყოველწლიურად გამოიყოფა მუნიციპალიტეტის მიერ და ყველა სუბსიდია გათვალისწინებულია მხოლოდ განსაზღვრული მიზნობრივი ხარჯვის გაწევით, რის გამოც გაერთიანება მოკლებულია შესაძლებლობას ერთჯერადი კომპენსაციის სახით თანხის გაცემის საკითხი განიხილოს. არსებული მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში, განათლების შესაბამისი პროფილის გათვალისწინებით, არ არის ვაკანტური თანამდებობა და არსებულ ა(ა)იპ-ებში, განათლების შესაბამისი პროფილის გათვალისწინებით, არ არის ვაკანსია.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ირმა გომარელის, თინათინ ლობჟანიძისა და მერი ღონღაძის სარჩელით მოთხოვნილია მუნიციპალიტეტში ჩატარებული კონკურსის შედეგების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რომლითაც სამ მოქალაქეს პიროვნული შეუთავსებლობის გამო, ხოლო ერთ მათგანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის გამო, უარი ეთქვა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის საბავშვო ბაღში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობების დაკავებაზე. მათ წარმატებით გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი და გადავიდნენ გასაუბრების ეტაპზე. თითოეული მათგანის სამუშაო გამოცდილება, მონაცემები და პროფესიული უნარ-ჩვევები სრულად აკმაყოფილებდა კონკურსის მონაცემებსა და ამავდროულად, მიუთითებდა მათ უპირატესობას ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებულ კონკურსში გასამარჯვებლად, თუმცა გასაუბრება, რომელიც დებულების თანახმად უნდა დაფუძნებოდა სამართლიანობის, არადისკრიმინაციულობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს და ამავდროულად მიმართული უნდა ყოფილიყო კანდიდატების პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების იდენტიფიცირებისთვის, წარიმართა არაობიექტურად.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 აპრილის გასაჩივრებული გადაწყვეტილება (ყოფილი მოსამართლე: თეიმურაზ ფარეიშვილი) კრიტიკას ვერ უძლებს, თავშივე იურიდიულად დაუსაბუთებელია და არ ასახავს მოწმეთა ჩვენებებისა და მტკიცებულებათა ერთობლიობის სწორ სამართლებრივ დასკვნებს. მეტიც, სასამართლოს მოქმედება გამაოგნებელია, ვინაიდან გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, ხაშურის ბაღების გაერთიანებამ კონკურსის კანონის დარღვევით ჩატარება აღიარა და სარჩელი ნაწილობრივ ცნო. შესაბამისად, ხაშურის რაიონული სასამართლოს 5 აპრილის გადაწყვეტილება საფუძვლიანს ხდის მსჯელობას იმის შესახებ, რომ მოსამართლე აღმოჩნდა მიკერძოებული და ვერ შეძლო სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვა და ადამიანის უფლებების დაცვის პატივისცემა. მოსამართლემ ვერ შეძლო ანგარიშვალდებულების დაძლევა ხაშურის თვითმმართველობის მიმართ. დადგენილია, რომ ამჟამად ყოფილი მოსამართლე თეიმურაზ ფარეიშვილი 2012-2015 წლებში მუშაობდა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსად, ხოლო ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების – საბავშვო ბაღების გაერთიანების დამფუძნებელი სწორედ მუნიციპალიტეტის მერიაა. თეიმურაზ ფარეიშვილმა საქმე არ აიცილა და არც თვითაცილების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ვერ შეძლო მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელება.
კონკურსის ფარგლებში დაირღვა მოსარჩელეთა შრომითი უფლებები და ამავდროულად, წინასახელშეკრულებო შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი. ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატები შეირჩნენ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შეუსაბამოდ, გამჭოლი ნეპოტიზმისა და პირადი ნაცნობობის საფუძველზე, რაც წარმოადგენს საკონკურსო კომისიის დებულების, საქართველოს შრომით-სამართლებრივი კანონმდებლობის, კონსტიტუციური პრინციპების პირდაპირ დარღვევასა და განაპირობებს კანონთან შეუსაბამო აქტების ბათილობის აუცილებლობას“,- ნათქვამია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმეს მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა (თავმჯდომარე), თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი და ამირან ძაბუნიძე განიხილავს. პალატამ პროცესის მონაწილე მხარეებს მორიგება 2019 წლის 31 იანვრის სხდომაზე შესთავაზა. ვინაიდან მორიგებაზე მუნიციპალიტეტის მერიამ და საბავშვო ბაღების გაერთიანებამ უარი განაცხადა, სასამართლო სხდომის თარიღს განსაზღრავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები