პაატა ბაირახტარი: ბიზნესზე ზეწოლა ცოტა სხვაგვარად მახსენდება, წინა მმართველობიდან გამომდინარე

ბიზნესზე ზეწოლა მე ცოტა სხვაგვარად მახსენდება, წინა წლებიდან, წინა მმართველობიდან გამომდინარე, – ამის შესახებ ეკონომისტმა, “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცეპრეზიდენტმა პაატა ბაირახტარმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბაირახტარი იმ ბიზნესმენების ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც ბიზნესზე ზეწოლის შესახებ საუბრობენ.
„ბიზნესგარემოს თუ შევხედავთ, ბიზნესზე ზეწოლა მე ცოტა სხვაგვარად მახსენდება, წინა წლებიდან, წინა მმართველობიდან გამომდინარე. ზეწოლა – ეს გაცილებით სხვა რაღაცაა, ვიდრე, მაგალითად, რომელიმე ორგანოს თანამშრომლის მხრიდან სუპერმარკეტში შევარდნა და დაცვის თანამშრომლებთან იარაღის ტრიალი. მე ეს უფრო ხულიგნობის ასოციაციას მიჩენს . რასაკვირველია, არც ესაა პატარა დანაშაული, თუ ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა, აუცილებლად რეაგირება უნდა იყოს, რისი დამამტიკიცებელი საბუთებიც წარმოდგენილი უნდა იქნას, თუ ასეთი არსებობს. ამას რომ ზეწოლის სახე მივცეთ, მე როგორც რიგით ეკონომისტს, ეს ცოტა სხვა ასოციაციებს მიჩენს.
ძალიან უხერხულია, როცა წინა ხელისუფლების პერიოდს და ამ პერიოდს ერთმანეთს ვადარებთ, მინიმუმ, ამ მიმართულებით. ნუ დაგვავიწყდება, მეგობრებო, რომ ჩვენ გვქონდა ოფიციალურად ჩაკეტილი ბაზრები, სადაც ნებისმიერი ახალი მოთამაშის შემოსვლა შეუძლებელი იყო. უბრალოდ, არ შემოგიშვებდნენ. არ ვამბობ, რომ ყველაფერი რიგზეა დღეს, გარკვეული პრობლემები ახლაც არის და პირადად მეც მქონია არაერთ „ქეისთან“ შეხება, როცა იყო რაღაც პრობლემები. ბიზნესი და კერძო სექტორი გადააწყდა პრობლემებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბიზნესს ისეთი აქვს მაშინ ნანახი ზეწოლის მხრივ, რომ ცოტა უხერხულია ეს ორი მმართველობა შევადაროთ ერთმანეთს.
რაც შეეხება ხაზარაძესთან დაკავშირებულ „ქეისს“, ამ მიმართულებით პირველად როცა დაიწყო საუბრები, მოკლე განმარტება მაშინ გავაკეთე იმ ტრანზაქციასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ეს ისეთ პროცესებში გადაიზარდა, ისეთი ბრალდებები წამოვიდა, ვგულისხმობ წერილის საქმეს, ამ რეალობაში ჩემი მხრიდან კომენტარის გაკეთება სრულიად ზედმეტი მიმაჩნია. ისეთი ბრალდებებია წამოსული, ამას დამტკიცება სჭირდება, ამას საგამოძიებო სტრუქტურებმა უნდა გასცენ პასუხი“, – განაცხადა ბაირახტარმა.
“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცეპრეზიდენტი პარტია „გირჩის“ ბიზნესმენებისადმი მიმართვასაც გამოეხმაურა.
„ასეთი ტერმინების მოშველიებისგან თავს შევიკავებ, იმიტომ, რომ ბიზნესი არის ის, რაც ქვეყნის ეკონომიკას აცოცხლებს. ეს ერთი კონკრეტული პარტიის შეფასებაა. მე ასე არ ვთვლი. შესაძლებელია იყოს რომელიმე ბიზნესჯგუფი, რომელიმე ხელისუფლებასთან თუნდაც პირადი ურთიერთობებით, გარკვეულწილად, უფრო მეტად ახლოს, მაგრამ ეს, მთავარია, არ გასცდეს კანონის ჩარჩოებს. ასევე, ამან არ შეიძლება, გამოიწვიოს ახალი მმართველობის პერიოდში ამ ბიზნესჯგუფების დაჩაგვრა და გარიყვა. რაც შეეხება პარტიის აღნიშნულ შეფასებას – მე ცოტა მეტ პატივისცემას გამოვიჩენდი და ტერმინებსაც ცოტა უფრო ფრთხილად შევარჩევდი ისეთი სექტორის მიმართ, როგორიცაა ბიზნესსექტორი. ჩემი აზრით, ცოტა მეტად პატივსაცემი სექტორია, ვიდრე მოხსენიებულია“, – განაცხადა ბაირახტარმა.
ცნობისთვის, ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს რამდენიმე დღის წინ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩმა“ მიმართა. „გირჩის“ განცხადების თანახმად, ბიზნესმა სიმდიდრის დაგროვება „სხვადასხვა ხელისუფლებასთან ჩახუტების გზით“ მოახერხა და მათ „საბჭოთა „ცეხავიკის“ ფსიქოლოგია“ აქვთ.
„რა ცოდვებიც უნდა ჰქონდეთ “თიბისი”-ს დამფუძნებლებს, საღი აზრის მქონე ნებისმიერი ადამიანისთვის ნათელია, რომ ამ კონკრეტულ საქმეში სახელმწიფო მათთან მიმართებაში უსამართლოდ იქცევა.
ამ ფონზე თქვენი დუმილი არის უტყუარი დადასტურება იმისა, რომ სინამდვილეში:
თქვენ ხართ მშიშარა მლიქვნელები, რომლებიც „პოლიტიკაში არ ვერევით“ გზავნილს ამოფარებულნი, 24/7-ზე ერთ ადგილს ათამაშებთ და ცდილობთ ურთიერთობა არ გაიფუჭოთ არავისთან, რადგან ხელისუფლებები იცვლებიან და თქვენ მუდმივად გჭირდებათ სახელმწიფოსგან ახალი, იაფი ქონება, ფული, დახმარება და/ან პრივილეგია”- ნათქვამია „გირჩის“ მიმართვაში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები