გიორგი ლომია: როგორ შეიძლება „პატრიოტთა ალიანსი“ გაერთიანდეს იმ ოპოზიციურ პარტიებთან, რომელთა გასამართლებასაც ვითხოვთ?

„პატრიოტთა ალიანსი“ არ შეუერთდება ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას, რომელიც აარჩევნო სისტემის ცვლილების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს. ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლომიას თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ ვერ იქნება ალიანსში იმ პარტიებთან, რომელთა გასამართლებასაც ითხოვს. როგორც გიორგი ლომიამ აღნიშნა, მათი პარტია მიიჩნევს, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს და ამ საკითხზე ხელმოწერებს დამოუკიდებლად აგროვებს.
„პროცესში ჩართვა და ამ ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანება ორი სხვადასხვა რამეა. ჩვენ პროცესში ჩართულები ვართ, არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. მე ვიყავი ვენეციის კომისიასთან შეხვედრის ჯგუფის წევრი, ბერლინში შევხდით და მანდაც გავაჟღერეთ, რომ პროპორციული უნდა იყოს არჩევნები. რაც შეეხება ამ პოლიტიკურ გაერთიანებას, პირდაპირ შემიძლია, გითხრათ – როგორ შეიძლება „პატრიოტთა ალიანსი“ გაერთიანდეს იმ ოპოზიციურ პარტიებთან, რომელთა შორის არის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, ანუ პოლიტიკური პარტიები, ვის გასამართლებასაც ვითხოვთ. რა გამოდის, ჩვენ ერთად მივაღწევთ შედეგს და მივცემთ საშუალებას პარტიებს რომლის გასამართლებასაც ვითხოვთ, რომ პარლამენტში შევიდნენ პროპორციული სიით? ეს ხომ აბსურდია. საერთოდ არ მესმის ჩვენი არაერთი ნაცნობის და ზოგიერთი მეგობრისაც, რომელიც იქ გაერთიანდა, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც თავის დროზე განცხადებას აკეთებს, რომ სააკაშვილის მმართველობა იყო რეჟიმი, არ შეიძლება „ნაცმოძრობასთან“ ერთად რომელიმე გაერთიანებაში იყოს. ეს ჩვენთვის გასაკვირია.
ჩვენ ცალკე ჩვენი გზა გვაქვს. ასევე,კ ხელმოწერების შეგროვებას ვაგრძელებთ, ამ თემაზეც და სხვა თემებზეც“,- განაცხადა ლომიამ.
ცნობისთვის,ოპოზიციური პარტიებმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებიც 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვენ, „ევროპულ საქართველოსთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად არიან, „რესპუბლიკური პარტია“, ნინო ბურჯანაძის პარტია, დავით უსუფაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, მამუკა კაციტაძე და სხვები.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები